2023 წლის IV კვარტალში კომპანიების 21%-მა ხელფასები გაზარდა – BAG ინდექსი

2023 წლის IV კვარტალში კომპანიების 21%-მა დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა. PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული BAG ინდექსის თანახმად, აღნიშნული ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოში სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას.
აღნიშნულ ფაქტორებს ხელის შემშლელად კომპანიათა დიდი ნაწილი აფიქსირებს (2023 წლის IV კვარტალში კომპანიათა 63%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 43%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა ხელის შემშლელ ფაქტორებად).
“გამოკითხულ კომპანიათა შორის, ვინც 2023 წლის IV კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (90%-მა) 2023 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა. 2023 წლის IV კვარტალში, არც ერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია დასაქმებულთა ანაზღაურება 40%-ზე მეტად.
სექტორების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, მრეწველობის სექტორში კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა დააფიქსირა.
2024 წლის I კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი (54%) მომსახურების სექტორში გეგმავს”, – ნათქვამია კვლევაში.