2023 წლის III კვარტალში წინა წელთან შედარებით 1 400-ით მეტი უმუშევარია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 15.6%-ია.
რაც შეეხება დაქირავებულთა რიცხოვნობას, მაჩვენებელი გაიზარდა 29.3 ათასი კაცით (3.2%) და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 21.5 ათასით შემცირდა (4.8%) და 422.8 ათასი გახდა.
საქსტატის მითითებით, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 1.4 ათასით ანუ 0.6%-ით გაიზარდა და 252.2 ათასს მიაღწია.
ამავე მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6% გახდა, ხოლო დასაქმების დონემ, რომელიც 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 45.3% შეადგინა.
ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.5-ით შემცირდა. დასაქმების დონე კი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ახლა 45.5%-ია, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 0.1-ით შემცირდა და 44.8%-ს გაუტოლდა.
უწყების ცნობით, გაზრდილია დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაშიც, კერძოდ 1.8 პროცენტული პუნქტის მატების შემდგომ 69% შეადგინა.
2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული.
საქსტატის მითითებით, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. ეს მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.8 და 17.7%-ს შეადგენს.