2023 წელს საქართველოს ეკონომიკაში შიდა ფაქტორებზე მეტად, უკრაინასა და ისრაელში მიმდინარე ომმა იქონია გავლენა. მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ასევე ინფლაცია, თითქმის განახევრდა ფულადი გზავნილები, ხოლო ლარის კურსი წლიურად თითქმის 19%-ით გამყარდა.
„კომერსანტი“ გთავაზობთ 2023 წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს:
შემცირებული ეკონომიკური ზრდა
2023 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 248.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა.
პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 8% იყო, მეორეში – 7.8%.
ორნიშნა ინფლაციიდან დეფლაციამდე
2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი (დეფლაცია), ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა, რაც წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება წინა თვეების მაჩვენებლებს, ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე, 9.4%, იანვარში დაფიქსირდა და ნელ-ნელა შემცირება დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა.
1.5%-ით შემცირებული რეკორდულად მაღალი რეფინანსირების განაკვეთი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე 9.5 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შედეგად, 186,416 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო, ეროვნულმა ბანკმა ნელ-ნელა განაკვეთის შერბილება დაიწყო, მიზეზად კი ინფლაციის მაჩვენებლის და რისკების კლება დაასახელა.
18.7%-ით გამყარებული ლარი
ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. ოქტომბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 6.3%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 18.7%-ით გამყარდა.
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6454-დან 2.6909-მდე (1.7%-ით), ხოლო ევროს მიმართ 2.8303-დან 2.8422-მდე (0.4%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7048 და 2.8603 შეადგინა. ოქტომბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.7058, ხოლო მინიმალურმა 2.6675 შეადგინა.
რაც შეეხება წლის დასაწყისს, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6875-დან 2.6763-მდე (0.4%-ით) გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8428-დან 2.8813-მდე (1.4%-ით) გაუფასურდა.
44%-ით შემცირებული ფულადი გზავნილები
ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 292.7 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $228 მილიონით, ანუ 44%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების შემცირება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც ნოემბერში 75 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა წინა წელთან შედარებით 239 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით ნაკლებია. სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
16.2%-ით გაზრდილი საგარეო ვაჭრობა
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, 7 580.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 462.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 040.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 665.6 მლნ. აშშ დოლარი).