„2023 წლის დეკემბრიდან დღემდე მომხმარებლებს 100 ათასზე მეტი ლარი აუნაზღაურდათ“ – დავით ზუხბაია

2023 წლის დეკემბრიდან დღემდე მომხმარებლებს 100 ათასზე მეტი ლარი აუნაზღაურდათ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა დავით ზუხბაიამ გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2”-ზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დავების განმხილველმა კომისიამ ჯამში 30-მდე საჩივარი მიიღო, რომლის უმეტესობა მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა.
“კომისიის მანდატს წარმოადგენს არაავტორიზებული ოპერაციები. სფერო მოიცავს საგადახდო ოპერაციებს, რაც თავისთავში მოიაზრებს არაავტორიზებულ ოპერაციებს, არასწორად და დაგვიანებულად შესრულებულ ოპერაციებს, შესაძლოა ასევე, საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ა.შ. ზოგადად კომისიის სფერო არის საგადახდო მომსახურება როგორც ელექტრონული გადახდები, ასევე არაელექტრონული გადახდები. შესაბამისად, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ან რეგისტრირებული პროვაიდერის მომხმარებელი, თუკი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა და მიიღო ფინანსური ზიანი შეუძლია მიმართოს კომისიას. 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე კომისიის მიერ განხილულია 30-მდე საჩივარი, რომლის უმეტესობა მომხმარებლების სასარგებლოდ იქნა დაკმაყოფილებული.
ასევე, აღსანიშნავია განხილვის პროცესში, როდესაც კომისია ცდილობს მოიკვლიოს და მიიღოს ინფორმაცია ბანკებისგან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისაგან, ამ განხილვის პერიოდში, პროვაიდერების უმეტესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დაელოდონ კომისიის გადაწყვეტილებას და პირდაპირ აუნაზღაურონ მომხმარებლებს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია 10 შემთხვევა, როდესაც პროვაიდერებმა პირდაპირ აანაზღაურეს განხილვის პერიოდში და ეს ჯამში წარმოადგენს 57 ათას ლარს.
რაც შეეხება კომისიის ნაწილს – გადაწყვეტილება, რომელიც სრულად მივიდა ბოლომდე და კომისიამ თქვა თავისი სიტყვა, ეს არის 15-მდე გადაწყვეტილება, საიდანაც 10 მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, ეს არის 60 ათასი ლარის ფარგლებში, თუმცა ჯერჯერობით 45 ათასია ანაზღაურებული. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და აღსრულებას ექვემდებარება, შესაძლებელია, რომელიმე მხარე უკმაყოფილო იყოს და მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად, ის 1-თვიანი ვადა ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, რომლის შემდეგაც შესაბამისმა ბანკმა, ან სხვა პროვაიდერმა უნდა აანაზღაუროს თანხა”, – აცხადებს დავით ზუხბაია.
მანვე აღნიშნა, რომ კომისიისთვის მიმართვა მომხმარებლებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.
“კომისიას კანონმდებლობით დავების განხილვისთვის 3-თვიანი ვადა აქვს, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს 1 თვით. რაც შეეხება სასამართლოსთვის მიმართვას – რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მომხმარებლებს, კომერციულ ბანკებს, ან სხვა პროვაიდერებს შეუძლიათ 1-თვის განმავლობაში მიმართონ სასამართლოს კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. იმ შემთხვევაში თუ დავა პარალელურად მიმდინარეობს სასამართლოში – ასეთ დროს კომისია განიხილავს ამ ინფორმაციას დასაშვებობის ეტაპზე და აღარ მიიღებს დავას წარმოებაში, ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ დავა წარმოებაშია მიღებული და მომხმარებელმა შემდეგ მიმართა სასამართლოს, კანონმდებლობის საფუძველზე ისევ შეწყდება დავა, რადგან ერთსა და იმავე საკითხზე ორი პარალელური დავა არ მიმდინარეობდეს.
კომისია აბსოლუტურად უსასყიდლოდ განიხილავს აღნიშნულ საკითხს. აღსანიშნავია, რომ დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ განსაზღვრულია თანხობრივი ზღვარი რომლის ზემოთაც კომისია არ განიხილავს დავას ეს არის 50 ათასი ლარი. თუკი 50 ათას ლარზე ნაკლებია შესაძლებელია მიმართონ კომისიას, თუ 50 ათას ლარზე მეტია მაშინ სასამართლოს”, – აცხადებს დავით ზუხბაია.
წყარო: ბიზნესპარტნიორი