2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.48 ლარი გახდა

2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ISET Policy Institute ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში (2022 წლის დეკემბერთან შედარებით) კი მნიშვნელოვნად, 7.3%-ით არის შემცირებული.
ტრადიციულად, საშობაო და საახალწლო სუფრისთვის მზადების პერიოდში ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რასაც დღესასწაულების თანამდევი მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. 2023 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: რძე – 1.3%, კარაქი – 1.2%, ფქვილი – 1%, ყველი – 0,2%. მაშინ, როცა საფუვრის (-5.3%) და კვერცხის (-0.2%) ფასები შემცირდა.
წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ძირითად ქალაქებში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა თელავში (-12.4%), შემდეგ – თბილისში (-6.9%), ქუთაისსა (-5.2%) და ბათუმში (-4.3%).
2014-2023 წლების მონაცემებიდან ჩანს, რომ 2023 წლის დეკემბერში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასი თითქმის გაორმაგდა და 3.66 ლარიდან 6.48 ლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ფასი (3.61 ლარი) 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, ინდექსმა ყველაზე მაღალ ღირებულებას – 6.99 ლარს – კი 2022 წლის დეკემბერში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2018 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინდექსის შემცირება, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კლებაა (-7.3%) ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს წლიური ცვლილება შეიძლება 2022 წელს ში მიმდინარე ომის გამო განვითარებულ მოვლენებს მივაწეროთ, რის გამოც გასული წლის განმავლობაში ინდექსის ინგრედიენტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. შედეგად, 2023 წლის ვარდნა წინა წლის ფასების უპრეცედენტო ზრდის შემდეგ ნორმალიზების მანიშნებელია.
ხაჭაპურის ინდექსი ბოლო 10 წლის განმავლობაში ასე იცვლებოდა: