2023 წელს 23 არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა – ბექა ფერაძე

მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 2023 წელს ინსპექციამ 23 არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტი გამოავლინა – ამის შესახებ ბერაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
“11 ობიექტზე გამოვლინდა 23 არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევა, 64 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნა გაცემული ამ კუთხით.
კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია, თუ არასრულწლოვნის მიმართ არის დარღვეული შრომითი უფლებები, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სამმაგი ოდენობით ჯარიმა”, – თქვა მან.
ფერაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში, თუმცა გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 10 შემთხვევაში საქმე ეხებოდა “საქართველოს შრომის კოდექსით” განსაზღვრული ნორმების დარღვევას, 1 სამუშაო ადგილზე კი დაირღვა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მეხუთე მუხლის მეექვსე პუნქტი, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის ვალდებულებას, არ დაასაქმოს 18 წლამდე პირი (არასრულწლოვანი) ისეთ პოზიციაზე, რომელმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გასულ წელს შემოწმების მიზნით 3 765 ინსპექტირება ჩატარდა – შრომის ინსპექციის ანგარიში