2023 წელს საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში ₾539 მლნ, ხოლო თამბაქოს აქციზიდან ₾1 მილიარდზე მეტი შევიდა

2023 წელს ბიუჯეტში საწვავის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) აქციზიდან 539 მლნ ლარი, ხოლო თამბაქოს აქციზიდან 1 მლრდ ლარზე მეტი შევიდა.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ბენზინის აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა 303,354,340 ლარი შეადგინა (2022 წელს – 309,646,546 ლარი); დიზელის საწვავის აქციზიდან შემოსავალი გასულ წელს 235,564,630 ლარი იყო (2022-ში – 213,263,887 ლარი); ნავთიდან შემოსავალმა კი შარშან 106,636 ლარი შეადგინა (2022 წელს – 99,595 ლარი).
რაც შეეხება თამბაქოს, ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმიდან ბიუჯეტში შესული აქციზის გადასახადი 47 მილიონი ლარი, ხოლო იმპორტული თამბაქოდან 985 მილიონი ლარი იყო. მთლიანად თამბაქოს აქციზიდან მობილიზებული თანხა 2022 წლის შედეგებთან შედარებით 91 მილიონი ლარით მეტი იყო.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა გადასახადის ადვალური კომპონენტი. ადვალური გადასახადი ცვლადია და ის თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან დაითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს. არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს, 2023 წელს ადვალური აქციზიდან შესული თანხა 513 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 472 მილიონი ლარი.