„2023 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა გახდა, რაც 2016 წლის შემდეგ არ მომხდარა“ – მარიამ ჩახვაშვილი

Galt & Taggart-ის უფრომა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის 2023 წლის შედეგები შეაჯამა.
მისი თქმით, საქართველო 2023 წელს ელქტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა გახდა, რაც 2016 წლის შემდეგ არ მომხდარა.
„2023 წელი რეკორდულად ძალიან კარგი იყო ენერგეტიკის სექტორისთვის, რადგან ექსპორტის მაჩვენებელი გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი. ჯამში 105 მლნ დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ თურქეთის მიმართულებით და 103 მლნ დოლარის წმინდა შემოსავლები დაგვრჩა.
მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ თანხაში არ იყო დადებითი ბალანსი, როგორც 2022 წელს, არამედ 2023-ში იმპორტის მოცულობა იმდენად შემცირდა, რომ რაოდენობრივადაც წმინდა ექსპორტიორები გავხდით, რაც 2016 წლის შემდეგ პირველად მოხდა“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
როგორც მან განმარტა, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდულ ზრდას 2 ძირითადი მიზეზი ჰქონდა. ესენია: მოხმარების შემცირება და თბოლეექტროსადგურებზე გენერაციის ზრდა.
„ექსპორტის გაზრდას ჰქონდა 2 მიზეზი. 2022 წელთან შედარებით 2023 წელს თურქეთში ფასები დაკლებული იყო, მაგრამ ჯამურად თანხობრივად მაინც მატება დაფიქსირდა, რაოდენობის მატების ხარჯზე. თუ არ ვცდები, რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი 50%-მდეა, რაც 2 ფაქტორს უკავშირდება. პირველი – მოხმარების 8%-ით შემცირებას, რამაც შესაძლებელი გახადა ექსპორტი და მეორე – თბოსადგურებზე გაზრდილი გამომუშავება. ამავდროულად, ჰიდროსადგურებსაც კარგი წელი ჰქონდათ 2023-ში. მათი გენერაციაც დაახლოებით 5%-მდე იყო გაზრდილი. თბოსადგურებმაც აქტიურად იმუშავეს და შესაძლებელი გახდა აპრილიდან სექტემბრამდე გვქონოდა საექსპორტო სექტორი.
2023 წელს მოხმარების შემცირება, რა თქმა უნდა, მეტალურგიული, ტეტე მაინინგ და „ჯორჯიან მანგანეზის“ მოხმარების შემცირებამ განაპირობა. ამ ინდუსტრიებში ჯერჯერობით კვლავ მოხმარების შემცირების ტენდენციაა, თუმცა, მოლოდინი არის, რომ წლის მეორე ნახევრისკენ ამათი მოხმარება მოტრიალდება და ალბათ, წლიურად ზრდა უნდა დაფიქსირდეს“, – განმარტა მარიამ ჩახვაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ