2023 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიდან $259,2 მლნ მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოდან 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია $259,2 მლნ-ის ღირებულების ღვინო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.
სულ ექსპორტირებულია 89,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაოდენობრივმა კლებამ 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ექსპორტის რაოდენობრივი შემცირების ფონზე ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება, განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა.
2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი იყო – $2.48 და 2023 წელს – $2.89.
მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები – 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.