2023 წელს სასაკლაოებზე 469 300 სული პირუტყვი დაიკლა – როგორია პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი?

2023 წელს საქართველოში 144 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 18.1% – კახეთის რეგიონში, 17.4 % – ქვემო ქართლში, 14.6% – შიდა ქართლში, 14.6% – იმერეთში, 11.1%- სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 24.3% სხვა რეგიონებშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
2023 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 469 300 სული პირუტყვი, მათ შორის 36.8% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 63.2% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 689.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის განმავლობაში 60 618.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.7% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 38.3% – ფრინველის, 28.8% – ღორის, 1.1% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
2023 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 8 455.3 ტონა, საიდანაც 24.9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 12.2% – ფრინველის ხორცზე, ხოლო 61.1% – ღორის ხორცზე. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 40.3 ათას პირს, საიდანაც 43.5% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.
სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 262 კაცი შეადგინა. ხოლო, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 34.4 ლარი, ცხვრის ან თხის – 15.9 ლარი, ღორის – 29.6 ლარი.
მონაცემების მიხედვით, სასაკლაოების უმრავლესობა (49.3%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.1% აღჭურვილია ნაწილობრივ, 5.6% კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 70.1% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 29.9%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 58.1%-ს – ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 32.6 %-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 9.3%-ს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის.