2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დააფუძნეს – Forbes

საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ს მოქალაქეებმა 2023 წელს ყველაზე მეტი ბიზნესი გახსნეს. გასული წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 13 000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს; მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წლის განმავლობაში 6100 კომპანია დააფუძნეს, მესამეზეა – სომხეთი და მონტენეგრო 3400 იურიდიული პირის დარეგისტრირებით. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 16 000 ინდივიდუალური მეწარმე დაარეგისტრირეს. შედარებისთვის, წინა 27 წლის განმავლობაში, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7788 იყო.
Forbes-ი წერს, რომ საქართველოში კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოდინებაა, მაგრამ პროცესს ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემაც. ამას გარდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესების დაფუძნების შესაძლებლობას საბანკო სისტემაც აძლევს, რადგან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საბანკო ანგარიშების გახსნა არ ეზღუდებათ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2023 წლის ბოლოს რუსებმა სერბეთში დაახლოებით 3000 კომპანია დააფუძნეს, 2022 წელს – 6000, ხოლო 2021 წელს – 2000;
2023 წელს რუსებმა თურქეთში 2750-მდე კომპანია გახსნეს. 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთის მოქალაქეებზე რეგისტრირებული კომპანიების საერთო რაოდენობამ 23 713 იურიდიულ პირს მიაღწია;
2022 წელს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რუსებმა დაახლოებით 850 კომპანია დააარსეს, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 950–1000 იურიდიული პირი იყო.