2023 წელს მკურნალობის მიზნით საქართველოში უცხოეთიდან 30 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა

გასულ წელს საქართველოში უცხოეთიდან მკურნალობისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების მიზნით 28.9 ათასი ვიზიტი განხორციელდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 21.6 ათასი იყო.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისივე მონაცემებით, ამ მიზნით საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიდან ქვეყანას ვიზიტორთა 0.5% ესტუმრა.
ჯამში, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი
მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალზე რამდენიმე ხნის წინ ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გამაჯანსაღებელი კურორტები.
„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ამომწურავი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს სპა და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით. როგორც იცით, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე, მე-12, მე-13 საუკუნეებიდან აქვს ისეთი გამაჯანსაღებელი კურორტი, როგორიცაა წყალტუბო. ასევე აღსანიშნავია, რომ სპა და გამაჯანსაღებელი მოგზაურობის მიზნით ჩამოსული სტუმრები 130 %-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივი მოგზაურები. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი მსოფლიოს რუკაზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს და მოგზაურებმა მრავალფეროვანი სერვისი მიიღონ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოში სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მიზნებით, ქვეყნის გამაჯანსაღებელ კურორტებზე დასვენების გარდა, უცხოეთიდან ჩამოდიან ისეთი სამედიცინო სერვისების მისაღებად, როგორიცაა სტომატოლოგია, ინვიტრო განაყოფიერება, პლასტიკური ქირურგია, თმის გადანერგვა და სხვა.
jandacva.ge