2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდის ტემპის კლება რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებას და ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება – Gnomon Wise

2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდის ტემპის კლება დან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებას და ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება – Gnomon Wise
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია. 2022 წელს კავკასიის ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს აღწევდა. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება, რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და, წინა წელთან შედარებით, ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ზრდამ 7.1% შეადგინა. რეგიონში ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი აზერბაიჯანში დაფიქსირდა. 2023 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდამ 4% შეადგინა.
აზერბაიჯანის ეკონომიკის 35.7%-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იკავებს. ამ ინდუსტრიის გარეშე, ზრდის ტემპმა 6.7% შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მრეწველობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სექტორებმა შეიტანა. ხოლო, კლების ტენდენცია მშენებლობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში დაფიქსირდა.
კავკასიის რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით სომხეთი გამოირჩევა. გასულ წელს სომხეთის ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 14.3%-ით გაფართოვდა. სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებულ როლს სავაჭრო სექტორი თამაშობს, რომელმაც ამ პერიოდში 26.5%-ით მოიმატა, სამშენებლო დარგმა კი – 11.7% -ით.
ინფლაციის მაჩვენებელი კავკასიის რეგიონში, ძირითადად, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს იმეორებს. საუკეთესო მდგომარეობა სომხეთშია, ხოლო ფასების დონის ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა. აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0% შეადგინა. მარტში ინფლაცია 0.5% იყო.
აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე შემცირდა.
2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.5% შეადგინა. აპრილის ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც 11%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, ტანსაცმლის ფასები ყველაზე მეტით, 4.4%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური კლება 0.7% იყო. ყველაზე მაღალი, 8.5%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 4.5%-იანი კლება – სურსათის ფასებზე. ეს კი სამომხმარებლო ფასების ძირითადი ნაწილია. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შემცირდა.