2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 28.7 მეგავატი – Galt & Taggart

2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 28.7 მეგავატი. ამის შესახებ, Galt & Taggart -ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ყველაზე დიდი იყო 20.0 მგვტ სიმძლავრის მესტიაჭალა-1 ჰესი, რომელიც ხელმეორედ ამოქმედდა 2023 წლის დეკემბერში (პირველად ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წელს, მაგრამ ჰესმა მუშაობა შეწყვიტა წყალდიდობით გამოწვეული ინციდენტის გამო).
დანარჩენ 6 ჰესს მიეკუთვნება: დმანისის ჰესი (2.0 მგვტ), ტოლოში ჰესი (1.7 მეგავატი), როშკა და როშკა-1 ჰესი (2.5 მეგავატი), კორშა და კორშა-1 ჰესი (2.5 მეგავატი). აღსანიშნავია, რომ მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურებს შთამბეჭდავი 27.6 მგვტ-იანი ზრდა ჰქონდათ 2023 წელს.
„ამ წელს სადისტრიბუციო ქსელს დაემატა 316 მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. ეს არის 0.5 მგვტ-ზე ნაკლები დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურები, რომლებიც ხვდება „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაციაში (სპეციალური მხარდაჭერის სქემა, რომელიც გულისხმობს სადგურსა და მომხმარებელს შორის პირდაპირ კავშირს და რეგულაციურ შეღავათებს). ამ ელექტროსადგურებს ასევე აქვთ დამატებითი მხარდაჭერა პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ და დონორი ორგანიზაციებისგან.
2023 წლის ბოლოსთვის, ნეტო აღრიცხვის რეგულირებით მოსარგებლე ელექტროსადგურების მთლიანმა სიმძლავრემ 64 მეგავატს მიაღწია (1,000-ზე მეტი სადგური). მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სემეკმა გაზარდა ასეთი სადგურების ჯამურად დასაშვები სიმძლავრე პიკური დატვირთვის 4%-დან 8%- მდე, რაც შეადგენს დაახლოებით 100-110 მეგავატს. ამ სადგურების გენერაცია ამ ეტაპზე არ აღირიცხება, მათი გამომუშავების ნაწილი აკლდება საცალო მოხმარების სტატისტიკას.
საქართველოს დადგმულმა სიმძლავრემ 2023 წლის ბოლოსთვის 4.6 გვტ-ს შეადგინა. აქედან 3.4 გვტ იყო ჰიდროელექტოსადგურები (115 სადგური), 1.2 გვტ თბოელექტროსადგურები (6 სადგური), 20.6 მგვტ – ქარის ელექტროსადგური და 64 მგვტ მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. CFD მექანიზმის და სიმძლავრის აუქციონის შემოღების შედეგად, მოსალოდნელია ელექტროსადგურების მშენებლობის გააქტიურება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა