აჩქარებულმა ინფლაციამ, ავიარეისებსა და საცხოვრებლებზე ფასების ზრდამ 2023 წელს ევროპაში გამგზავრების სურვილზე გავლენა ვერ მოახდინა. გასული წლის მეოთხე კვარტალში, ევროპაში ტურისტული ნაკადები თითქმის პანდემიამდელ დონემდე აღდგა. ამის შესახებ ევროპის ტურიზმის კომისიის (ETC) განცხადებაშია ნათქვამი.
„საერთაშორისო ტურისტების ვიზიტები 2023 წლის ბოლო კვარტალში 2019 წლის მაჩვენებელზე მხოლოდ 1.6%-ით დაბალია, ხოლო სასტუმროებში ღამისთევა მხოლოდ 0.6%-ით შემცირდა. ეს ევროპაში მოგზაურობის დიდ მოთხოვნაზე მიუთითებს. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ 2024 წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნულია ETC-ის განცხადებაში.
როგორც კომისიამ აღნიშნა, ტურიზმის სექტორის აღდგენა განპირობებულია აქტიური მოგზაურობით ევროპის რეგიონში და ტურისტების მზარდი რაოდენობით ჩრდილოეთ ამერიკიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან. ყველაზე ხშირად 2023 წელს ტურისტები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდნენ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან.
კომისიის მონაცემებით, ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები 2019 წლის პანდემიამდელი დონის მესამედით აღდგა. 2024 წელს, სავარაუდოდ, ეს პანდემიამდელი მაჩვენებლის 61% იქნება.
2023 წელს მოგზაურობის ძლიერმა მოთხოვნამ ხელი შეუწყო ევროპის ეკონომიკურ ზრდას და დაეხმარება ტურისტულ კომპანიებს კორონავირუსის პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში. განაცხადა ETC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ სანზმა. მისი თქმით, მოგზაურობის აღდგენაზე ასევე გავლენას მოახდენს განვითარება და გადასვლა მდგრად ტურიზმზე.