2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, 2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მიაწოდათ ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია აწვდიდა: პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.
TI-ის განცხადებით, 2023 წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებისას გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი გამოწვევები:
· 2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. ასევე, ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა;
· პარლამენტის რეგლამენტით გაუარესდა საპარლამენტო კონტროლი, ანგარიშვალდებული ორგანოს ანგარიშების უმრავლესობის პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ არის სავალდებულო;
· უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის განხორციელება სუსტია. ნდობის ჯგუფი კვლავ არასრული შემადგენლობით ახორციელებს საქმიანობას;
· პარლამენტში არ იქმნება დროებით საგამოძიებო კომისია. უმრავლესობა ხელოვნურად უშლის ხელს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა, რადგან უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს სხდომის წინ. როგორც განაცხადეს, ეს იყო სანქცირებული მოსამართლეების „სოლიდარობის აქტი”;
· მინისტრები და სხვა ანგარიშვალდებული პირები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კითხვის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვებიდან 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს);
· ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრები ხშირად არღვევენ ეთიკურ ნორმებს, პარლამენტში კვლავ არ მოქმედებს ეთიკის კომისია;
· გამოწვევად რჩება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პრაქტიკა. პარლამენტმა ამ წესით 122 კანონის პროექტი მიიღო;
· საკანონმდებლო წინადადების განხილვას ფორმალური ხასიათი გააჩნია.
რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ინფორმაციით, 2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი).
რაც შეეხება გაცდენებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა) და უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა), ხოლო კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა) და უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).

ასევე დაგაინტერესებთ