„2023 წელს კომპანიას შემოსავალში 16-17% ზრდა ჰქონდა, წლის ბოლოს დაახლოებით 20%-იც იქნება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, წლის შეფასებისას განაცხადა. რაც შეეხება სიახლეს – კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლასთან დაკავშირებით, მიხეილ ჯაფარიძემ დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ „არდიში“ სიახლე აუცილებლად იქნება და „კომერსანტის“ მსმენელი ამას აუცილებლად გაიგებს“.
„წელი საკმაოდ კარგი იყო „არდისთვის“, ბევრ გამოწვევას შევეჭიდეთ. შემოსავალში საკმაოდ კარგი – 16-17% ზრდა ჰქონდა, წლის ბოლოს შეიძლება 20%-იც იყოს. მოგების კუთხით შედარებით მოვიკოჭლებთ, 2023-ში ნამდვილად არ გვქონდა ის შედეგები, რასაც ვისურვებდით. ამიტომ, გასაკეთებელი აქაც ბევრია. რაც შეეხება სიახლეს კომპანიაში ინვესტორის შემოსვლაზე, ბევრი მიზეზის გამო, ჯერჯერობით ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. თუმცა, სიახლე აუცილებლად იქნება და „კომერსანტის“ მსმენელი და სხვებიც ამას აუცილებლად გაიგებენ“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, 2023 წელი სექტორისთვის წარმატებული იყო. თუმცა „სადაზღვევო სექტორი ჯერ ძალიან შორსაა იმ რეალური პოტენციალისგან, რაც ბაზარს უნდა ჰქონდეს“.
მიხეილ ჯაფარიძემ ისიც თქვა, რომ ქვეყანაში სადაზღვევო სექტორი ჯერ კიდევ ფუფუნების საგანია, რადგან მოსახლეობა ამ კუთხით ნაკლებად აქტიურობს, რაც კომპანიების შედეგებზე აისახება.
„დაზღვევა ნებისმიერ სიტუაციაში არ არის პირველადი საჭიროების პროდუქტი, უფრო სხვა რამეზე კეთდება აქცენტი და ეს გამოწვევად რჩება. ის მომენტი, რომ მოსახლეობა ამ კუთხით ნაკლებად აქტიურობს, კომპანიების შედეგებზე აისახება. იმიტომ, რომ ეროვნულ შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაზღვევის წილი დიდი არ არის, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, სადაზღვევო სექტორის ზრდისთვის მნიშვნელოვანი იქნება სავალდებულო დაზღვევის სახეობების დანერგვა, რადგან ისინი მოსახლეობას დაზღვევის კულტურას აჩვევს და დაზღვევის სხვა პროდუქტების მიმართაც აჩენს ინტერესს.
„სავალდებულო დაზღვევის სახეობები სწრაფად ახდენს ხოლმე სადაზღვევო ბაზრის ზრდას არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ახალ შემოსავლებს აჩენს, არამედ მოსახლეობას დაზღვევის კულტურას აჩვევს. დღევანდელი მდგომარეობით, სექტორი მექანიკურად იზრდება, ხოლო სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემთხვევაში, ადამიანები ნებაყოფლობით იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ სხვა დაზღვევის სახეობები შეიძინონ. ეს პროპორციულად მუშაობს – ერთს მხრივ, იზრდება დაზღვევის კულტურა ქვეყანაში, ადამიანები უფრო მეტად ცდილობენ და აპრიორიტეტებენ დაზღვევას და მეორეს მხრივ – დაზღვევის სხვა პროდუქტებზეც ფიქრობენ“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, კვლავ უცნობია, როდის ამოქმედება ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა, თუმცა, მას ბაზარზე დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია.
„დიდი ხანია ველოდებით, ჯერჯერობით არ ვიცით როდის იქნება, 2024-ში თუ 2025-ში. ამოქმედების კუთხით ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა დრამატულად შეცვლის ბაზარს. ქვეყანაში 1.6 მლნ რეგისტრირებული მანქანაა, ჩავთვალოთ, რომ დაახლოებით მწყობრში მილიონია. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ასეულ ათას ოჯახში ყოველ წელს შევა დოვლათი, რომელიც დღეს ასე თუ ისე იკარგება. აქედან გამომდინარე ეფექტი დიდი იქნება“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
დაზღვევის სხვა სავალდებულო სერვისებზე საუბრისას, „არდის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კარგი იქნება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მესამე ფაზა თუ დაიწყება ისე, რომ „საყოველთაოს“ პრინციპი იქნეს დაცული და კომპანიები მეტად იყვნენ ინტეგრირებული სქემაში. მისი თქმით, ამით სახელმწიფოც მოიგებს და მოსახლეობაც უკეთეს სერვისს მიიღებს.
„რეალურად, დღეს ბაზარზე ვხედავთ, რომ 50% ჯანმრთელობის დაზღვევაა, მოსახლეობა თავისი ნებით ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მესამე ფაზა რომ დაიწყოს ისე, რომ „საყოველთაოს“ პრინციპი იყოს დაცული და კომპანიები მეტად ინტეგრირდნენ სქემაში ვფიქრობ, რომ სახელმწიფოც მოიგებს. იმიტომ, რომ ხარჯები დაიზოგება, მეორეს მხრივ – სადაზღვევო ინდუსტრია მეტად გაიზრდება და მოსახლეობასაც უკეთესი სერვისები ექნება, ვიდრე დღეს აქვს. დაზღვევის სხვა სახეობებიც არსებობს, მაგრამ უმჯობესი იქნება დავიწყოთ ყველაზე ადვილად გაკეთებადით და მერე განვითარდეთ. როცა ყველაზე მარტივს ვერ ვიწყებთ, სხვა სახეობები უფრო რთული გასაკეთებელია“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა, რომელთა რაოდენობა საქართველოში არსებული მდგომარეობით 18-ია, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 190 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგებამ – 63 მილიონ ლარს. აღნიშნულ მონაცემებს თუ გასული წლის 9 თვისას შევადარებთ, ნიშნული გაზრდილია.
