ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინვაჭრობის პლატფორმა Phubber-ის ბრუნვამ 2023 წელს 6 მლნ ლარს მიაღწია. სტარტაპმა გასულ წელს აქცენტი ახალი ბაზრების ექსპანსიაზე გააკეთა და შედეგად Phubber-ით სარგებლობის შესაძლებლობა დღეს უკვე სომხეთის და აზერბაიჯანის მცხოვრებლებს აქვთ. ქართველი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოზიდული ინვესტიციითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების საშუალებით, რამაც ჯამში მილიონ ნახევარი დოლარი შეადგინა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარების შედეგად სტარტაპის ღირებულებამ, დღეისთვის 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
სტარტაპის 2023 წლის წარმატებულ შედეგებზე Phubber-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„2023 წელს ფოკუსი ნამდვილად საერთაშორისო ექსპანსიაზე ვაკეთებდით, მაგრამ „ფაბერისთვის“ გასული წელი გამორჩეული იყო, როგორც გამოწვევებით ასევე მიღწევებით და შედეგებით, რომელიც 2024 წლის განვითარებისთვის კარგ ფუნდამენტს გვიქმნის. 2023 წელს ადგილობრივ ბაზარზე ძალიან კარგი გაყიდვები და ბრუნვა, ასევე ძალიან მაღალი მომხმარებელთა რაოდენობა გვქონდა.
2023 წელს მომხმარებლების რაოდენობა 215 000 მიაღწია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ასევე პირველად საქართველოში 6 მლნ ლარის ბრუნვის მაჩვენებელს გადავაჭარბეთ. ორივე მიმართულებით ეს ჩვენთვის რეკორდული წელი იყო“, – ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
აღსანიშნია, რომ დაფუძნებიდან დღემდე „ფაბერის“ პლატფორმით 80 000-ზე მეტი ნივთის გადაყიდვა მოხდა.
„ჩვენ ძირითადად საშუალო და ძვირად ღირებულ ნივთებზე ვართ კონცენტრირებული, შესაბამისად პორტფელი ძალიან იაფფასიან ნივთებს არ მოიცავს და დიდ რაოდენობაზე გათვლილი ბიზნესმოდელი არ გვაქვს. ჩვენთან მნიშვნელოვანია ავთენტიკურობა, ბრენდული ნივთები.
„ფაბერში“ განმეორებადი მომხმარებლების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, რაც ჩვენი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ელექტრონული კომერციის სფეროში 10-დან მხოლოდ 2 მომხმარებელი აკეთებს განმეორებით შესყიდვას. ჩვენ შემთხვევაში ეს რიცხვი მომხმარებელთა თითქმის 60%-ია და დაბრუნებული მომხმარებლის დიდი ნაწილი 12-13 შეკვეთას აკეთებს. ეს სიამაყის შესაძლებლობას გვაძლევს, რადგან ვხვდებით, რომ მათ ჩვენი პლატფორმა და აქ ყიდვა-გაყიდვა მოსწონთ“, – აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი.
გიორგი ჩუგოშვილი სტარტაპის მწვანე მიმართულებით დასახული მიზნების შესრულებასაც აფასებს და ამბობს, რომ პლატფორმის მთავარი მოწოდებაა „დაფიქრდი, სანამ იყიდი“.
„გარემოს დაბინძურების მხრივ მოდის ინდუსტრია ნავთობის შემდეგ მეორეა. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იმ ნივთებს, რომელიც ნაწარმოებია და ჩვენს გარდერობებშია, მეორე სიცოცხლე მიეცეთ. ამის შესაძლებლობას მათ „ფაბერი“ აძლევთ. გარდა საოპერაციო მიღწევებისა, გვაქვს ზემოქმედების მაჩვენებელი, ანუ რა გავლენა მოახდინა „ფაბერმა“ გარემოს დაცვის მიმართულებით. პირველი ეს არის რამდენი ლიტრი წყალი დავზოგეთ ნივთების გადაყიდვით, რომელთა წარმოება საჭირო აღარ გახდა და მეორე – რა მოცულობის კარბონის ემისიების გამოყოფა არ მოხდა. დაფუძნებიდან დღემდე დაახლოებით 40 მლნ ლიტრი წყლის ეკონომია გვაქვს გაკეთებული, 110 000 კგ კარბონის ემისია გვაქვს დაზოგილი იმ 80 000 ტრანზაქციიდან გამომდინარე, რომელიც „ფაბერზე“ გაკეთდა. „ფაბერი“ ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ეუბნება – „დაფიქრდი, სანამ იყიდი“. თითქოს ჩვენი მიზანი გაყიდვები უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ამ პროცესს პასუხისმგებლობით ვუდგებით“, – აღნიშნავს პლატფორმის თანადამფუძნებელი.