როგორი იყო საბანკო სექტორისთვის 2023 წელი და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს მომავალ წელთან მიმართებით, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში , „კომერსანტის დილა“ ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა, მისი თქმით 2023 წელი საბანკო სექტორისთვის წარმატებული გამოდგა, რამდენიმე ახალი პროდუქტი დაინერგა, ასევე გამოიკვეთა ლარში არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტენდენცია, თუმცა კეპულაძის განმარტებით უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მონეტარული პოლიტიკა აქვს აშშ-ის და ევროპის ცენტრალურ ბანკს.
„ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დღეს გამოვაქვეყნეთ მიმოხილვა, სადაც ჩანს, რომ საპროცენტო განაკვეთი 0,4-0,5-ით შემცირდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ იპოთეკურ და გრძელვადიან, ანუ უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას მოქალაქეები უფრო იგრძნობდნენ, იმიტომ რომ მოკლევადიანი სესხი ბევრს არაფერს არ წყვეტს, მაგრამ როდესაც საუბარია 100 000 და 200 000 ლარიან და 10 წლიან სესხზე აქ უკვე 0,3 და 0,4 პროცენტული პუნქტიც მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ 300 000 ლარზე მეტ სესხს ვეღარ აიღებს ის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს.
ასევე უნდა გამოიყოს ნათია თურნავას მიერ ფარცხალაძის დასაცავად გაცემული ბრძანება, რომელიც კომერციულმა ბანკებმა არ შეასრულეს და სწორი პოზიცია დაიკავეს. მცირე პანიკა იყო, მოქალაქეები რეკავდნენ და კითხულობდნენ, ხომ არ აჯობებდა რომ გაეტანათ ის თანხები, რაც ჰქონდათ ანგარიშებზე და ეს ყველაფერი შეიძლება გადასულიყო კოლაფსში, რადგან ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ისეთი ბრძანება, რომელიც საბანკო სექტორში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. თუმცა კომერციული ბანკების გადაწყვეტილებამ ეს პანიკა გაფანტა“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
კეპულაძემ დოლარიზაციის მაჩვენებელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი კვლავ რჩება ქვეყნის გამოწვევად, რადგან მოსახლეობას დეპოზიტის განთავსების დროს უფრო მეტი ნდობა უცხოური ვალუტის მიმართ აქვთ და ანაბრებს დოლარში ათავსებენ, რაც ეკონომიკისთვის პრობლემაა.
„დღეს საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ბანკებშია ჩაფლული და კრიზისი, რომ დაწყებულიყო, ვერ გაუძლებდა. საბანკო სექტორმა ბევრი კრიზისი გამოიარა, გაუძლო 2008 წლის აგვისტოს ომს, გაუძლო 2014-2016 წლების სავალუტო კრიზისს, კოვიდს, შესაბამისად, როდესაც სექტორი გვაჩვენებს, რომ ის არის მდგრადი, ამას ხელი არ უნდა შეუშალო.
რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა რჩება მომხმარებლის უფლებებთან და სწრაფ რეაგირებასთან დაკავშირებით, ასევე საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით გვაქვს სურვილი, რომ უფრო დაბალი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ კომერციულ ბანკებზე არ არის დამოკიდებული, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკა, როგორი იქნება ინფლაცია და რამდენად დაბალი იქნება რეფინანსირების განაკვეთი.“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
კეპულაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით კონსერვატორული იყო, მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ნებისმიერი პრეზიდენტის პირობებში ფრთხილ მიდგომას არჩევდა, რაც სწორია, რადგან საქართველოს ეკონომიკა მყიფეა და ნებისმიერ გამოწვევაზე სწრაფად რეაგირებს. კეპულაძემ საქართველოში ციფრული ბანკების განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული ბანკების სექტორი ჯერჯერობით პატარაა, თუმცა საქართველოში არსებული ორი დიდი ბანკი ფაქტობრივად არის ფინტექი, სადაც მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში შეუძლია სესხის აღება და შეუძლია, რომ საერთოდ არ მივიდეს ფილიალში.
„საბანკო სექტორში ტექნოლოგიების განვითარება კოვიდის პერიოდიდან დაიწყო, ბანკები მანამდეც ცდილობდნენ, თუმცა კოვიდმა პროცესი დააჩქარა, ძალიან დიდი ფული და რესურსი ჩაიდო იმაში, რომ ბანკები ტექნოლოგიურად განვითარებულიყვნენ. ჩვენ უნდა ველოდოთ ახალ-ახალ ციფრულ ბანკებს, ვისურვებდი რომ ბანკებს შორის უფრო დიდი კონკურენცია იყოს და არ იყოს მხოლოდ ორი დიდი ბანკი დომინანტი, იყოს მესამეც, თუმცა 2024 წელს ამ მიმართულებით დიდ გარღვევებს არ ველი, მაგრამ ეს კონკურენციას გააჯანსაღებდა და როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის კარგი იქნებოდა.“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.