2023-ში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი 37%-ით არის გაზრდილი – „გალტ & ტაგარტის“ კვლევა

თბილისში 2023-ის ნოემბერში 3300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა, აცხადებენ „გალტ & ტაგარტის“ მკვლევარები.
უძრავის ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარულად რჩება საშუალო ზომის (51-80 კვადრატული მეტრი) ბინები. რაც შეეხება ფასებს, ახალ ბინებზე მათი ზრდა გაგრძელდა, მეორეულ ბინებზე – მცირედი კლება. „მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავალში“, – მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
ამასთან ერთად, 2023-ის ნოემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 239.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა. ქირის ფასებმა შეადგინა 11.4 აშშ დოლარი მ2-ზე, რაც 5,4%-ით ნაკლებია პიკურ მაჩვენებელზე 2023-ის მარტში.
ყველაზე ძვირი ახალაშენებული და უცხოვრებელი ბინები მთაწმინდის, ვაკისა და ჩუღურეთის რაიონებში ღირს, ყველაზე იაფი კი ვაშლიჯვარში, გლდანში და სამგორში.
„გალტ & ტაგარტის“ კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკა.
გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი. „აღსანიშნავია, მნიშვნელოვანი ზრდა საბურთალოსა და ისანში (+142.2% და +164.8% წ/წ, შესაბამისად). საბურთალოს რაიონში ამხელა ზრდა დაკავშირებულია უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში დაგეგმილ პროექტებთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ