2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინას, სულ მცირე, 36 „ორმაგი დარტყმა“ მიაყენა.
ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის კვლევაშია შესული.
კვლევის დროის გამოიყენეს მეთოდიკა, რომელიც ხუთი წუთიდან რამდენიმე საათამდე ინტერვალში ერთსა და იმავე ადგილზე დარტყმების მიყენების დადგენის საშუალებას იძლეოდა. ამ მეთოდიკით ასევე ადგენდა, რამდენად სწრაფად რეაგირებდნენ მომხდარზე სამაშველო სამსახურები.
აღსანიშნავია, რომ 36 „ორმაგი დარტყმა“ მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია, Truth Hounds-ის მიერ დაფიქსირებული „ორმაგი დარტყმის“ საერთო რაოდენობა კი 60-ს აჭარბებს.
საერთო ჯამში, 2022 წელს რუსეთმა, რაკეტების, არტილერიისა და უპილოტო „შაჰედების“ გამოყენებით, სულ მცირე, ექვსი „ორმაგი დარტყმა“ განახორციელა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
პირველი დადასტურებული „ორმაგი დარტყმა“ რუსეთის ფედერაციამ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის შენობას 2022 წლის 1 მარტს მიაყენა. პირველი რაკეტა შენობის წინ არსებულ მოედანზე დილის 8:01 საათზე ჩამოვარდა, მეორე კი 12 წუთის შემდეგ სახურავს მოხვდა. ამ ორმაგ თავდასხმას 44 ადამიანი ემსხვერპლა.
2023 წელს, სულ მცირე, „ათი ორმაგი“ დარტყმა დაფიქსირდა. თუმცა, 2024 წლის იანვრიდან 31 აგვისტომდე, 20 შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა წლებში ასეთი დარტყმების საერთო რაოდენობას აღემატება.
მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ყველაზე მეტად „ორმაგი დარტყმის“ დროს ზარალდებიან. გაანალიზებული 36 თავდასხმიდან მაშველები, სულ მცირე, 20 შემთხვევის დროს დაიჭრნენ ან დაიღუპნენ.
რა არის „ორმაგი დარტყმა“?
ტერმინი „ორმაგი დარტყმა“ ადრე, ძირითადად, სასროლი იარაღის კონტექსტში გამოიყენებოდა და ის ბრიტანეთის პოლიციამ დაახლოებით ასი წლის წინ დაამკვიდრა. double tap გულისხმობს სროლის ტექნიკას, რომლის დროსაც, სიზუსტის გაზრდის მიზნით, ორი გასროლა ერთმანეთის მიყოლებით ხდება. ბოლო წლებში ეს ტერმინი უფრო საარტილერიო, სარაკეტო ან საჰაერო დარტყმებს მიესადაგება.
„ორმაგი დარტყმა სამხედრო თავდასხმის სახეობაა. პირველი დარტყმა სამხედრო ან სხვა ობიექტზე ხორციელდება. ამის მერე მაშველების მოსვლას ელიან, რის გამოც იმავე ტერიტორიას განმეორებით ურტყამენ. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, ამიტომ ის უკანონოა“, – ამბობს სამართალდამცავი ორგანიზაცია RAH-ის ექსპერტი, მარკ გარლასკო.
მანამდე გარლასკო გაერო-ს ექსპერტი იყო და დაფიქსირებული აქვს ბაშარ ასადის რეჟიმისა და სირიაში მყოფი რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული „ორმაგი დარტყმები“. ასეთი რამ 2015 წელს სირიის ომში რუსეთის ჩაბმამდეც ხდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ ასეთი თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა, რასაც „სირიის სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრიც“ ადასტურებს. მისი მონაცემებით, 2013-2021 წლებში სიარიაში 58 ასეთი „ორმაგი დარტყმა“ დაფიქსირდა.
მარკ გარლასკოს რეკომენდაციაა, დაფიქსირდეს, ვინ დაზარალდა თავდასხმის შედეგად: თუ მათ შორის არიან მაშველები, ექიმები და სხვა სპეციალისტები და არ არიან სამხედროები, მაშინ ეს სამხედრო დანაშაულია:
„მიზეზი იმისა, რის გამოც რუსები ამ უკანონო ორმაგ თავდასხმებს ახორციელებენ, ალბათ, ის არის, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების განადგურება სურთ. ვიღაცას სამედიცინო განათლება აქვს მიღებული ან სამედიცინო მომზადება გაიარა. ცოდნისა და უნარების ასეთი დონის მისაღწევად კი, გარკვეული დროა საჭირო. ამიტომ, მათი შეცვლა რთულია. აშკარაა, რომ რუსები ამ ხალხს იმიტომ იღებენ მიზანში, რომ ომის დროს უკრაინა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდეს“.
წყარო: 1 არხი