ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 14 246.6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში მოპოვებულია 36.6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2021 წელთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტი), 146.3 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლები) და 14.6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 8.8პროცენტით ნაკლები).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 11.4 პროცენტით შემცირდა და 1 113.5 ათასი მ3 შეადგინა.
2022 წელს წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (78.1 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (13.3 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.
2022 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 385.5 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
2022 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 361.0 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 20.0 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 528.7 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2021 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (9.4 პროცენტით მეტი). მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 375.4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტი).
ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 41.8 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (27.1 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.2 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.5 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.4 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.
2022 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 31.1 და 30.4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 18.1 პროცენტი – მრეწველობის, 4.3 პროცენტი – მშენებლობის, 0.6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.
