2021-2025 წლებში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.3%-ს მიაღწია, რაც ნომერ პირველი მაჩვენებელია ჩვენს კონტინენტზე –

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საქართველოში ამ საერთაშორისო ფორუმის გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეებისა, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და საქართველოს მთავრობა ამ ტენდენციის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან სერიოზული გლობალური, რეგიონული სირთულეები, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. გასული 5 წლის განმავლობაში, საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-2025 წლებში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.3%-ს მიაღწია. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ჩვენს კონტინენტზე. ასევე, მოხარულნი ვართ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ექნება ასევე პირველი ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩამოყალიბებული ტენდენციის შენარჩუნებას და ამისათვის საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, „უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი და გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით.
„ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია, ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ე.წ. B-READY, სადაც საქართველოს არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.