“2021 წლისთვის საქართველოს ცა იქნებოდა დაცული” – ალასანია ჰყვება, რა დაგვაკარგვინა ე.წ. კაბელების საქმემ

ე.წ. კაბელების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, 11 წლის წინანდელი ამბის დეტალების იხსენებს.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ჰყვება, რა წინაპირობების შემდეგ დააკავეს 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომელსაც, საბოლოოდ, მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.
როგორც ალასანია ამბობს, “კაბელების საქმის” დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მოლაპარაკება დაიწყო საფრანგეთის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრთან, ჟან-ივ ლე დრიანთან. მოლაპარაკების მიზანი იყო საფრანგეთს საქართველოსთვის მიეყიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, სანაცვლოდ კი საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მიიღებდა მონაწილეობას. ალასანიას თქმით, საფრანგეთი თანახმა იყო საქართველოს კრედიტით ესარგებლა და თავდაცვის სისტემისთვის საფასურის გადახდა 7 წლის შემდეგ დაეწყო.
ალასანიას თქმით, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ორივე ქვეყნის ყველა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტის თანხმობით, შეთანხმება მოახერხეს. თუმცა, მემორანდუმზე ხელის მოწერამდე ერთი დღით ადრე მას დაურეკა იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და შეთანხმების ჩაშლა მოსთხოვა.
“ბუნებრივია, იგულისხმებოდა რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი” – ამბობს ალასანია და აცხადებს, რომ ღარიბაშვილს უარი უთხრა. მეორე დღეს, შეთანხმების ხელმოწერამდე დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი, როგორც ალასანია ამბობს, მასზე ზეწოლის მიზნით.
ირაკლი ალასანიამ მემორანდუმს ხელი მაინც მოაწერა. თუმცა, მალევე თანამდებობის დატოვება მოუწია.
ის ამბობს, რომ მემორანდუმი დღემდე ძალაშია და საქართველოს შეუძლია განაახლოს ამ საკითხზე მოლაპარაკებები.
“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად 2008 წლის ომის მერე, უსიტყვო ემბარგო იყო საქართველოზე, რომ მიეყიდათ დასავლეთის ქვეყნებს ლეტალური იარაღი, თავდაცვის იარაღიც, საქართველოსთვის. ამის გარღვევას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა. გეტყვით, ადამიანური ურთიერთობებიც რამდენ რამეს წყვეტს თანამედროვე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებში: NATO-ს მინისტერების ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე მქონდა შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, ლა დრიანთან – ძალიან ღირსეული და სერიოზული კაცია. მაშინ ამიხსნა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უნდოდა და აუცილებელი იყო, რომ ევროპული ძალები წასულიყვნენ სამშვიდობო მისიით, მაგრამ ვერ კრებდა ევროპელებს და მთხოვა, რომ ხომ არ განიხილავდა საქართველო შესაძლებლობას, კონტინგენტი გაეშვა. ბუნებრივია, მე საქართველოს ჯარის გაშვებას საერთაშორისო მისიებში ასე მარტივად არ ვუყურებდი – ვიცი რა პასუხისმგებლობაა და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა განგვეხილა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს შევათანხმე მთავრობასთან, შესაბამის სტრუქტურასთან. მაგრამ, საქართველოს აქედან უნდა მიეღო რაღაც. მან მკითხა, რა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს. საქართველოს აკლია ბევრი რამ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა საჰაერო თავდაცვა – რომ საქართველოს ცა იყოს დაცული. მათ, ფრანგებს, ამერიკებელბის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვა აქვთ. არის ასეთი ასტერ-30, სისტემა, რომლითაც იცავენ თავად ფრანგები პარიზს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დაფიქრდა და მითხრა, რომ შეათანხმებდა იმდროინდელ პრეზიდენტთან – ოლანდი იყო მაშინ. გავიდა გარკვეული დრო, დამირეკა და მთხოვა შეხვედრა ისევ. ამ შეხვედრაზე თქვა, რომ ამის შესაძლებლობა არის. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პირველი ევროპული სახელმწიფოსგან ამასთან დაკავშირებით და თუკი თქვენც თანახმა ხართ, რომ მიიღოთ მონაწილეობა, შეიძლება ეს გარიგება შედგეს. ბუნებრივია, ეს შეთანხმებული იყო ყველა ჩვენს შესაბამის სტრუქტურასთან, პარლამენტთან, მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთანაც. ამას დასჭირდა დაახლოებით ერთი წელი. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ბიუჯეტური პრობლემებიდან გამომდინარე, იმაზეც წამომყვნენ ფრანგები, რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას და ჩვენ გადახდა, დაახლოებით 7 წლის მერე გვიწევდა. ე.ი. 2013-2014 წელს ეს პროექტი რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული. საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვია საქართველოს, შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც მე ვესწრებოდი და იქ საბოლოოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფორმდა. შემდეგ ჩაინიშნა დღე, როდესაც უნდა ჩავსულიყავი, შევხვედროდი ამ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და გაგვეფორმებინა შეთანხმება. ზუსტად წინა დღით, თუ არ ვცდები, იყო ნოემბერი 2014 წლის, მაქვს ზარი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან და მთხოვდა, რომ იქნებ თავი შემეკავებინა ხელმოწერისთვის. ჯერ ერთი, ეს ჩვენი იმიჯისთვის იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა, რომ ყველასთან შეთანხმებულ შეთანხმებაზე უარი მეთქვა მე თვითონ, ვინც ვითხოვდი ამ შეიარაღებას. მეორე – ვუთხარი, რომ ყველასთან შეთანხმებულია და ვინ დარჩა გადაწყვეტილების მიმღები, ვინც შე გთხოვს, რომ მე არ მოვაწერო ხელი. ამიტომ, უარი ვუთხარ. პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ბუნებრივია, იგულისხმებოდა რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი. მეორე დღის 5-6 საათზე, ვიდრე იქ, პარიზში გათენდებოდა, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ეს 5 თანამშრომელი – აბსოლუტურად უდანაშაულო – რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო და მე არ მომეწერა ხელი. მე რომ ხელი არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე, იქნებოდა ყველაფრის ღალატი – ამ ბიჭების ღალატიც, ჩვენი ღირსებიც ღალატიც, თავდაცვისუნარიანობისთვის ამხელა შესაძლებლობის შეძენის ღალატიც და ამიტომ, მაინც მოვაწერე ხელი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პრაქტიკულად, მე უნდა წავსულიყავი მთავრობიდან”, – ჰყვება ალასანია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ამ შეთანხმების ჩაშლა იყო უპატიებელი შეცდომა.
“როდესაც ჰაერი დაცული გაქვს, შენს შეიარაღებულ ძალებს აქვს მეტი შესაძლებლობა – მით უმეტეს, ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით – რომ ჰქონდეს საგარეო აგრესიისგან შემაკავებელი ფაქტორი. თავი რომ დავანებოთ რუსეთს, ჩვენს რეგიონშიც, ჩვენს მეზობლებშიც, შენ უნდა გქონდეს ისეთი თავდაცვა, რომ ყველამ იცოდეს, რომ შენზე ხელაღებით, აგრესიით წამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება. ეს, რა თქმა უნდა, შენს ჯარსაც აძლევს ძალიან დიდ სტიმულს, როდესაც ჰაერი დაცულია, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამიტომ, ეს იყო, ჩემი აზრით, უპატიებელი შეცდომა, რომელიც იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
12 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. კონკრეტულად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მომჩივნების უფლება, იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ და ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“