2019-2024 წლებში აუდიტის სამსახურმა 3 700-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, რომელთა მხოლოდ 45%-ია შესრულებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019-2024 წლებში 3 700-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი, 868 რეკომენდაცია, 2021 წელს გაიცა.
რეკომენდაციების ნახევარზე მეტი, 53% გაცემულია შესაბამისობის აუდიტებში, რაც აუდიტის სამსახურის განმარტებით, იმით აიხსნება, რომ უწყება ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ აღნიშნული ტიპის აუდიტს ატარებს.
ყველაზე მეტი რეკომენდაცია, მთლიანი რაოდენობის 30%, მიემართება ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. მეორე ადგილზე, 23%-იანი წილით, შესყიდვების მართვაა, რომელსაც საბიუჯეტო რესურსების მართვა მოსდევს 19%-იანი წილით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ნაკლოვანებების ნაწილი სისტემურ ხასიათს ატარებს და მეორდება მრავალ საბიუჯეტო ორგანიზაციაში.
2019-2024 წლებში გაცემული რეკომენდაციებიდან, მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, სრულად შესრულებულია 45%, ნაწილობრივ – 25%, ხოლო შეუსრულებელია – 10%. ამას გარდა, რეკომენდაციების 20% მიმდინარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვადა ჯერ არ დამდგარა.
2024 წლის მასის მდგომარეობით, შეუსრულებელი რეკომენდაციების მაღალი, 23%-იანი წილით 2021 წელი გამოირჩევა. 2021, 2022 და 2023 წლების შემთხვევაში, სრულად რეკომენდაციების ნახევარზე ნაკლებია შესრულებული. 2024 წელს გაცემულ რეკომენდაციებს კი მიმდინარე სტატუსი აქვს.
შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინანსური აუდიტის რეკომენდაციებშია – 58%, ყველაზე დაბალი – ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებში და 23%-ს შეადგენს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეფექტიანობის აუდიტში ძირითადად გაიცემა მნიშვნელოვანი კატეგორიის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.