„2019 წლიდან ვაყენებთ მოთხოვნას, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივების მართვაზე შეზღუდვა ჰქონდეთ, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა“ – რა საკითხის დაყენებას გეგმავენ სებ-თან შეხვედრაზე სადაზღვევოების ნაწილი

„2019 წლიდან ვაყენებთ მოთხოვნას, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივების მართვაზე შეზღუდვა ჰქონდეთ, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა“ – რა საკითხის დაყენებას გეგმავენ სებ-თან შეხვედრაზე სადაზღვევოების ნაწილი
მიმდინარე კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო კომპანიებს შეხვდებიან, სადაც კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებენ.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება არ იყოს.
სააგენტო გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში ექნება.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ დამფუძნებელმა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ მორჩილაძემ „კომერსანტთან“ განმარტა, რომ შეხვედრაზე ბანკებისთვის სადაზღვევო აქტივების ფლობის აკრძალვის საკითხის დაყენებას გეგმავს.
„დღემდე მწვავედ დგას პრობლემა, როდესაც ბანკები სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით მხოლოდ მათ მფლობელობაში ან მათთან აფილირებულ კომპანიებთან თანამშრომლობენ. სექტორის ნაწილის პოზიციაა, რომ ვითარების გამოსწორების გზა მხოლოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა, ამიტომ ამ შეხვედრაზეც მნიშვნელოვანია ასეთი საკითხის დაყენება.
2019 წლიდან ვაყენებთ მოთხოვნას, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივების მართვაზე შეზღუდვა ჰქონდეთ, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, მივიღეთ ვითარება, რომ დღეს, იმ სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი, რომელთაც ბანკებთან შეხება არ აქვთ, ზარალზე არიან.
როგორც წესი, ბანკები არ თანამშრომლობენ ისეთ სადაზღვევოებთან, რომელთანაც სხვადასხვა ფორმით არ არიან დაკავშირებულები და პარტნიორობაზე უარს გვეუბნებიან. ამიტომ, ეს პრობლემა რადიკალური ნაბიჯების გარეშე არ მოგვარდება და საჭიროა, ბანკებს სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობა შეეზღუდოთ. სხვა ყველა ცვლილება რეალურ ეფექტს ვერ მოგვცემს“, – ამბობს არჩილ მორჩილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ