2018 წლიდან თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინერგა, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები – თამბაქოს კონტროლის ალიანსი
2018 წლიდან თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინერგა, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა გამო მოვუწოდებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩოკოვენციით ნაკისრი ვალდებულებების სრულად განხორციელებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ, – ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში საუბარია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლიდან შესრულებულ სამუშაოებსა და გამოწვევებზე.
” 27 თებერვალს 20 წელი შესრულდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის – თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ამოქმედებიდან, რომელიც საქართველოსთვის 2005 წლის15 მაისიდან გახდა სავალდებულო.
“კონვენციის შესაბამისად, 2008 წლის 15 მაისამდე საქართველოს სრულად უნდა აეკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის სპონსორობა. 2010 წლის 15 მაისამდე, კი რეკლამა/პოლულარიზაციის ყველა ფორმა. ეფექტური ზომები უნდა მიეღოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისაგან სრულად გასათავისუფლებლად, შეფუთვა-მარკირების, უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის, გადასახადების პერიოდული მატების, მოწევის შეწყვეტის სერვისების დანერგვის, საჯარო პოლიტიკაზე თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენის აღმოფხვრის, თამბაქოს ინდუსტრიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების, თამბაქოს ფოთლის მოყვანიდან სხვა ალტერნატიულ კულტურებზე გადასვლის ხელშეწყობის, გარემოს დაცვისა და სხვა ეფექტური ზომების მისაღებად. სამწუხაროდ, მხოლოდ 2018 წლიდან შეძლო ქვეყანამ კონვენციის ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილის დანერგვა.
ყველა დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსის ჩათვლით, ასევე არასრულწლოვანის გადაყვანისას კერძო ავტომობილებში აიკრძალა როგორც ჩვეულებრივი სიგარეტების, ასევე ელ. სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის მოწევა. სამედიცინო გაფრთხილება პიქტოგრამის ჩათვლით, იკავებს სიგარეტის კოლოფის 65%-ს, 2024 წლის 1 აპრილიდან ყველა კოლოფი იქნება ერთფეროვანი, ანუ სადა შეფუთვით, რათა მიმზიდველობა დაკარგოს, განსაკუთრებით მოზარდებისათვის. სავაჭრო ობიექტებში უკვე გამოჩნდა სიგარეტები სადა შეფუთვით. აიკრძალა თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა პროდუქტის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. თამბაქოს ნაწარმი ხილვადად აღარ არის განლაგებული არც ობიექტის გარედან და არც შიგნიდან. ეს რეგულაციები 94%-ით სრულდება. ფუნქციონირებს მოწევის შეწყვეტის ცხელი ხაზის ნომერი 116001 და მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“ მობილური ტელეფონების მომხმარებელთათვის.
სამწუხაროდ, კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა გამო ამჯერადაც მოვუწოდებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების სრულად განხორციელებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ:
მთავრობამ დაამტკიცოს ჯერ კიდევ, 2018 წელს შემუშავებული და 2024 წელს განახლებული ნორმატიული აქტი, რომელიც უზრუნველყოფს თამბაქოს ინდუსტრიისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობის გამჭვირვალობას;
აღდგეს და განახლდეს „ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონი და მიიღონ ნორმატიული აქტი „თამბაქოს ინდუსტრისათვის კომპენსაციის დაკისრების წესის შესახებ“, თანხები მოხმარდეს დაზარალებულ პირთა მკურნალობას, და პრევენციულ ღონისძიებებს;
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით, უნიკოტინო და მცენარეული მოსაწევის პროდუქტების მოხმარების აკრძალვისა და შეფუთვა-მარკირების მიზნით, დაწესდეს იგივე რეგულაციები, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაშია.
თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ნაწარმის გაყიდვის ლეგალური ასაკი გაიზარდოს 21 წლამდე და ყოველ წელს გაიზარდოს თითო წლით;
2015 წლის შემდგომ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალოთ თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერი ნაწარმის მიყიდვა, მიუხედავად სრულწლოვანებისა და ასეთი პროდუქტების მიყიდვისათვის იმ დროს მოქმედი ლეგალური ასაკისა;
აიკრძალოს ყველა სახის არომატიზატორის გამოყენება თამბაქოსა და ნიკოტინის (გარდა თუთუნის არომატიზატორისა) ნებისმიერი პროდუქტისათვის;
შემოიღონ ლიცენზია თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა სახის საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე;
ნიკოტინზე დამოკიდებულების სამკურნალო საშაულებები შეიყვანონ ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში;
ვიდრე კომპენსაციები დაწესდება, ადეკვატურად გაიზარდოს სახელმწიფო დაფინანსება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებისთვის (მონიტორინგი, ცხელი ხაზი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო პროგრამები),”-აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
bp.ge
