“2017-2023 წლებში სასმელების მწარმოებელ კომპანიათა შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და 2023 წელს ₾2.3 მილიარდს მიაღწია”, – ამის შესახებ PMCG-ის სექტორულ მიმოხილვაშია საუბარი.
როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, სექტორის შემოსავალი გაიზარდა ყველა ქვეკატეგორიაში, ყველაზე მაღალი, 20%-იანი ზრდა კი ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოებაში დაფიქსირდა.
PMC-ის თანახმად, საქართველოში სასმელების მწარმოებელი 400 კომპანია ფუნქციონირებს, საიდანაც 88% მცირე ან საშუალო ბიზნესია. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სექტორის შემოსავლის ზრდაში SME ბიზნესის კონტრიბუცია მცირეა და, ზოგ ქვეკატეგორიაში, კლების ტენდენციაც შეინიშნება.
მაგალითად, ლუდის მწარმოებლებმა 2023 წელს 562 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც მხოლოდ 4% მოდიოდა მცირე მეწარმეებზე; სპირტიანი სასმელების შემთხვევაში შემოსავალი 398 მლნ ლარია, მცირე საწარმოების წილი კი – 13%; მინერალური წყლების შემთხვევაში 1.2 მლრდ ლარის შემოსავლის მხოლოდ 2% მოდის მცირე ბიზნესზე.
PMCG-ის თანახმად, სექტორი 2017-2023 წლებში საშუალოდ 6 504 ადამიანს ასაქმებდა, 2023 წელს კი – 7 155-ს, რაც კერძო სექტორში დასაქმებულთა 0.9%-ს წარმოადგენს. როგორც ირკვევა, სასმელების წარმოების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წლიდან მატების ტენდენციას აჩვენებს.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2023 წელს სექტორში თვიურმა ხელფასმა საშუალოდ 2 553 ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.7%-იანი ზრდაა. PMC-ის კვლევის თანახმად, 2023 წელს მცირე ბიზნესებმა სექტორულ საშუალოზე 2-ჯერ ნაკლები ხელფასი გასცეს, მსხვილმა ბიზნესებმა კი საშუალო ბიზნესებზე თითქმის 2-ჯერ მეტი.
