2015-2024 წლებში ადგილობრივი პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 321,4%-ით გაიზარდა – IDFI

„2015 წლიდან 2024 წლამდე, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით გაიზარდა – ზრდა 321,4%-ია“,- ვკითხულობთ IDFI-ს კვლევაში, რომელშიც საქართველოს საგარეო ვაჭრობას აანალიზებს და ძირითად მიგნებებს გთავაზობს.
მონაცემები აჩვენებს, რომ მკვეთრადაა გაზრდილი რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტიც, კერძოდ, 2024 წლის მონაცემებით, ჯამურად ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა.
„დსთ-ს რეგიონის 11 ქვეყნიდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა ყველაზე მასშტაბური რუსეთშია, – დსთ-ს ქვეყნების 52%. ჯამში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში კი ს წილი ასევე ბოლო ათწლიან მაქსიმუმზეა და თუკი ის 2015 წელს 9.7%-ს შეადგენდა, 2024 წელს ადგილობრივი პროდუქციის თითქმის 22% რუსეთში იყიდებოდა. 2015 წლიდან 2024 წლამდე, ექსპორტი რუსეთში გაიზარდა დაახლოებით 498,3 მილიონი დოლარით, რაც 321,4%-იანი ზრდაა. რუსეთში ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად ღვინოზე, მინერალურ და სპირტიან სასმელებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოდის“,- წერია კვლევაში.
ორგანიზაციის დათვლით, ექსპორტთან ერთად მზარდია რუსეთიდან იმპორტიც. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათ წლიან პერიოდში თუკი ქვეყანაში იმპორტი ჯამურად 131%-ით გაიზარდა, რუსეთიდან იმპორტის ზრდა 195%-ს შეადგენდა.
„თანხობრივად რუსეთიდან შესყიდული პროდუქციის ღირებულება თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წელს რუსეთიდან ქვეყანაში 1.8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს იყო, როდესაც რუსეთიდან იმპორტი ერთ წლიან პერიოდში თითქმის 80%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში მკვეთრი ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა, რასაც წინ უძღოდა იმ დროინდელი პრემიერის მოწოდება ბიზნესისადმი, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, ახალი შედარებით იაფიანი ბაზრები მოეძიებინათ, რის შემდეგაც ნავთობპროდუქტების ბაზარი მეტ წილად რუსეთზე გახდა დამოკიდებული – 2023 წელს ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა – 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართული ღვინის დამოკიდებულებაც რუსეთის ბაზარზე. კერძოდ თუკი მაგალითად, 2016 წელს რუსეთში რეალიზებული ღვინის ღირებულება 55.8 მლნ დოლარი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 182.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია რომ ქართული ღვინისთვის რუსეთი ერთ-ერთ იაფიან ბაზრად რჩება და თუკი დანარჩენ მსოფლიოში ერთი ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.3 დოლარს შეადგენს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 18%-ით ნაკლები – 2.7 დოლარია. 2024 წლის მონაცემებით, ჯამურად ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა“,- ვკითხულობთ კვლევაში.