მიხეილ ყაველაშვილს 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან უმაღლესი განათლება არ აქვს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმაღლეს განათლებას კანონი ავალდებულებდა.
მიხეილ ყაველაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ სასამართლოს მიმართავდა იმ დებულების გასაუქმებლად, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ქონას ავალდებულებს.
როგორც ყაველაშვილმა 2015 წელს განმარტა, ეს არის არასამართლიანი დებულება და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არსებობს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ან მაღალჩინოსანს, უმაღლესი განათლება არ აქვს.
“საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინისაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის წინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას”, – ამბობდა ყაველაშვილი 2015 წელს.
საჯაროდ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ყაველაშვილს დიპლომი დღესაც არ აქვს, თუმცა 2024 წელს მას შანსი აქვს არათუ ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა და “ქართულ ოცნება” მას ამ თანამდებობაზე დანიშნავს.
ფეხბურთის ფედერაციისგან განსხვავებით, კანონმდებლობით, ქვეყნის პრეზიდენტს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება.
2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 3 კანდიდატი: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებდნენ მონაწილეობას. ფარული კენჭისყრით 18-მა დელეგატმა ლევან კობიაშვილს დაუჭირა მხარი, 15-მა დელეგატმა რევაზ არველაძის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, ხოლო მამუკა კვარაცხელიამ ვერც ერთი ხმა მიიღო.
არჩევნები მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის პირველ ნახევარში დაპირისპირება მოხდა ლევან კობიაშვილსა და რევაზ არველაძის მხარდამჭერებს შორის.
რევაზ არველაძის ერთ-ერთი მხარდამჭრი, დელეგატი გეგა გობეჯიშვილი წინა ღამით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, რომელიც 3 ოქტომბერს 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს.
არველაძე მოითხოვდა მონაწილეებს მოეხსნათ საკუთარი კანდიდტურები და არჩევნები არ ჩატარებულიყო, სანამ გობეჯიშვილი არ გათავისუფლდებოდა, თუმცა გობეჯიშვილმა გათავისუფლების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა უეფას რეკომენდაციით არ მიიღო.
ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა 2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში აღმოჩნდა და პარლამენტის წევრიც გახდა. კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი განათლების ქონა არც პარლამენტის წევრს მოეთხოვება.
