2013-2024 წლებში ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ მეტია 2013 წლამდე არსებულ მონაცემებზე – TI

2013-2024 წლებში ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2013 წლამდე იყო რეგისტრირებული – 2024 წელს რეკორდული რაოდენობის – 291 ახალი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს სათაურით: „როგორ იზრდება ჩინეთის გავლენა საქართველოში“, სადაც წერია, რომ 2013-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე „ქართული ოცნება“ ურთიერთობას არადემოკრატიულ რეჟიმებთან აძლიერებს, მათ შორის, ჩინეთთან. 2023 წელს საქართველოს და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა.
ჩინეთი „ქართული ოცნებას“ პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს და მას „მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების“ პოლიტიკის განმახორციელებლად წარმოაჩენს, ხოლო ქართველი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ასახელებენ ჩინეთს, როგორც ძლიერ პარტნიორს და დასავლეთის ალტერნატივას. მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, მ შეაქო ჩინეთი, როგორც „სახელმწიფო მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“ და აღნიშნა, რომ ჩინეთი პოზიტიურ მაგალითს აძლევს სხვა გლობალურ ძალებს.
პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობა უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ დაჩქარდა. ორივე ქვეყანამ გააფართოვა პირდაპირი ფრენები, რამაც ჩინელი ტურისტების შესამჩნევი ზრდა და საქართველოში ჩინეთის ბიზნეს აქტივობის ზრდა გამოიწვია. საქართველო თანამშრომლობს ისეთ ჩინურ კომპანიებთან, რომლებსაც საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამს. ქვეყანა ასევე აქტიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიას. გარდა ამისა, ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკები აქტიურად მუშაობენ კავშირების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკის თანამშრომლობის კუთხით და შესაძლოა, ჩინეთის გადახდის სისტემები შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. სულ ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩინური ენის სასკოლო სასწავლო გეგმაში დანერგვის შესახებ განაცხადა.
გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები
2013-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2013 წლამდე იყო რეგისტრირებული. 2024 წელს რეკორდული რაოდენობის – 291 ახალი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა.
2003-2012 წლებთან შედარებით ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-ჯერ გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პიკს 2014 წელს მიაღწია და მას შემდეგ შემცირდა.
2012 წლის შემდეგ ჩინეთთან წლიური სავაჭრო ბრუნვა 3-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წელს ჩინეთი იყო საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 8.2%-ს შეადგენდა.
2024 წელს ჩინეთს და საქართველოს შორის ტურისტული ვიზები გაუქმდა, რის შედეგადაც ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები 83%-ით გაიზარდა და 89 ათასს მიაღწია. ასევე, შესამჩნევად გაიზარდა ჩინეთის ავიახაზების ფრენები საქართველოში.
საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. ანაკლიის პორტის პროექტის გარდა, ჩინური მხარე ვაზიანში, სადაც ბოლო პერიოდამდე ნატოს სამხედრო სწავლებები ტარდებოდა, ახალი აეროპორტის განვითარებით დაინტერესდა. ჩინეთის ელჩის თქმით, პროექტისადმი ინტერესი არაერთმა ჩინურმა კომპანიამ გამოიჩინა.
თანამშრომლობა ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია
საქართველოში მოქმედი რამდენიმე ჩინური კომპანია აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი დაკვირვების და შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის და ჩინურ სამხედრო სფეროსთან სავარაუდო კავშირების გამო:
China Communications Construction Company Limited (CCCC)
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ China Communications Construction Company Limited (CCCC), რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის აშენებისთვის შეარჩია, 2021 წლის ივნისიდან აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეაფასა CCCC, როგორც „ჩინური სამხედრო კომპანია”, რომელიც მოქმედებს პირდაპირ ან ირიბად შეერთებულ შტატებში (თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 1260H).
2020 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ: „CCCC და მისი შვილობილი კომპანიები ჩართულნი არიან კორუფციაში, მტაცებლური დაფინანსებით, გარემოს განადგურებით და სხვა დარღვევებით მთელ მსოფლიოში… ჩინეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს CCCC და სხვა სახელმწიფო საწარმოები, როგორც იარაღი ექსპანსიონისტური დღის წესრიგის დასაწესებლად”.
China Railway 23rd Bureau Group
China Railway 23rd Bureau Group საქართველოში ავტომაგისტრალების მშენებლობაშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ის China Railway Construction Corporation-ის (CRCC) შვილობილი კომპანიაა. China Railway Construction Corporation შედის აშშ-ს ხაზინის NS-CMIC სიაში, რაც მას საინვესტიციო აკრძალვებს უწესებს.
2020 წელს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა CRCC ჩინურ სამხედრო კომპანიად ჩათვალა 1260H აქტის მიხედვით, რაც მიუთითებს მის ასოცირებაზე ჩინეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან.
„ჰუავეი“
კომპანია „ჰუავეი“, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან მრავალჯერადი სანქციების ქვეშ იყო, საქართველოში აქტიურად არის წარმოდგენილი. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის წევრები ჰუავეის 200 პლანშეტს იყენებდნენ. 2017 წელს „ჰუავეი თბილისის“ გენერალურმა მენეჯერმა ლიანგ დონბომ განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე საკომუნიკაციო და მობილური ქსელების 75%-მდე Huawei-ის აშენებულია. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან მჭიდრო პარტნიორობა.
ს კავშირები ჩინეთთან
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის ბიზნეს პარტნიორს, ივანე ჩხარტიშვილს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადი საქმიანი კავშირები აქვთ კიდევ ერთ პრობლემურ ჩინურ კომპანიასთან CEFC China Energy-სთან.
CEFC China Energy შპს „ს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-ს ფლობს. ბიძინა ივანიშვილი და ივანე ჩხარტიშვილი ფლობენ კომპანიის 50%-ს, რომელიც მართავს CEFC China Energy-ის 75%-იან წილს.
2017 წელს ნიუ-იორკში CEFC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პატრიკ ჰო დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს აფრიკის ქვეყნებში ოფიციალური პირების მოსყიდვაში, რათა ხელი შეუწყოთ ჩინური კომპანიის ინტერესებისთვის. CEFC ასევე დაადანაშაულეს იარაღით ვაჭრობაში და ირანისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში. იმ დროს, როდესაც CEFC უკვე ჩართული იყო საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.
ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც არის საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრის (დაარსებული 2016 წელს) აღმასრულებელი დირექტორი, ჩართული იყო CEFC-ის საქართველოში შესვლის შესახებ მოლაპარაკებებში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრმა ერთობლივად დააარსეს საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია და 2016 წლის 18 ოქტომბერს საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს CEFC China Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიანჯუნ ზანგი.
საქართველოში მოქმედი სხვა მსხვილი ჩინური კომპანიები
ბრუნვის მიხედვით საქართველოში მოქმედი ტოპ 10 ჩინური კომპანიის უმრავლესობა ჩართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა მაგისტრალების, გზებისა და ხიდების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ესენია:
Guizhou Highway Engineering Group Co, საქართველოს ფილიალი
Sinohydro LLC Corporation, საქართველოს ფილიალი
China Railway 23rd Bureau Group Ltd, საქართველოს ფილიალი
China Railway Tunnel Group Co, Ltd, საქართველოს ფილიალი
Hunan Roads and Bridges Construction Group LLC, საქართველოს ფილიალი
China Geo-Engineering Corporation, საქართველოს ფილიალი
Georgia branch of China Road and Bridge Corporation, საქართველოს ფილიალი
China State Construction Engineering Corporation Ltd, საქართველოს ფილიალი
ტოპ 10-ში შემავალი სხვა კომპანიებია:
JSC Hualing International Special Economic Zone
JSC BasisBank
თანამშრომლობა სამართალდამცავ სფეროში
საქართველო და ჩინეთი მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერებაზე. საქართველოს ოფიციალური პირებმა შეხვედრები გამართეს ჩინეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. საქართველოს ვიცე-პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჟოუ ციანმა განაცხადა: „სამართალდამცავი დეპარტამენტებს შორის ურთიერთგაცვლა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩინეთი მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს პრაგმატული თანამშრომლობა საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიციას შორის თანამშრომლობა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“.
ჩინური სათვალთვალო სისტემები
ასევე აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების დაახლოებით 70-80% აღჭურვილია ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერებით. ამ კამერების უმეტესი ნაწილი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, წარმოებულია სანქცირებული ჩინური კომპანიების მიერ: Hikvision და Dahua Technology. გარდა ამისა, თბილისის მერია იყენებს ჩინეთის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (HikCentral) სათვალთვალო სისტემების მართვისა და მხარდაჭერისთვის.
შესყიდვების კუთხით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაზე მეტი დახარჯა ჩინურ სათვალთვალო აღჭურვილობაზე, დანახარჯმა ჯამში დაახლოებით 630,000 აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ოქტომბერში ჩინეთის მთავრობამ საქართველოს საბაჟო შემოწმების სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. აღჭურვილობა ჩინურმა კომპანია Nuctech-მა მიაწოდა. 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა Nuctech (Tongfang NucTech Technology Ltd.) მრეწველობის ბიუროსა და უსაფრთხოების სუბიექტების სიაში დაამატა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოტივით.
5G
2024 წლიდან საქართველოში 5G ტექნოლოგია დაინერგა, თუმცა, როგორც ჩანს, არც ერთი საჯარო ცნობა არ გამოქვეყნებულა ქსელის განვითარებისა და განლაგების პროგრესის შესახებ. სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა ჩინეთის პროექტებსა და მიღწევებს საქართველოში და განაცხადა: „2024 წელი იყო მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევის წელი ჩინეთის საწარმოებისთვის საქართველოში… ტენდერები მოიგეს ქარის ენერგიის, ფოტოელექტროსადგურების და სხვა ახალი ენერგეტიკული სექტორების სფეროში…“
ფინანსური სექტორი
2025 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ორი ცენტრალური ბანკი შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მონეტარული პოლიტიკის საკითხებში და გაცვალონ ინფორმაცია და ექსპერტიზა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, გადახდის სისტემები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.
შეთანხმება ასევე მოიცავს ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმებს და ორ ქვეყანას შორის საბანკო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას. ძირითადი აქცენტი იქნება გადახდის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზაცია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გადახდის სისტემების ურთიერთდაკავშირების გაძლიერებას, რათა მოხდეს უფრო სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციები.
2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სამეთვალყურეო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი დაესწრო Financial Street Forum 2024-ს ჩინეთში. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ჩინურ Alipay-სა და საქართველოს ფინანსურ ბაზარს შორის სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი.
ჩინეთის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული ფინანსური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ვაჭრობის, ინვესტიციების და ფართომასშტაბიანი პროექტების მშენებლობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ფინანსურ რისკებს და გააძლიეროს საერთო ეკონომიკური მდგრადობა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.