ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.
„თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე როცა ნახეს, რომ ჭარბირიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა იმისათვის, რომ არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე, სინამდვილეში საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.