საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
„2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი.
ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში“, – წერს გოჩა ჯავახიშვილი Facebook-ზე.
“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.