2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაში ჯამში 655 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

რთველის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. 2024 წლის რთველის პერიოდში, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის, ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. შესყიდვების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ელიან, რომ წელს ყურძნის ხარისხი და რაოდენობა უკეთესი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე აღნიშნავს, მიუხედავად პოზიტიური მოლოდინებისა, სახელმწიფო ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს.
სახელმწიფომ რთველის სუბსიდირება ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო. 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ს ფედერაცია იყო, ემბარგო ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანდა და დახმარება აუცილებელი იყო.
2008-2012 წლებში ყურძნის სუბსიდირების პროგრამა მცირე მასშტაბის იყო და ბიუჯეტიდან რთვლისთვის საშუალოდ 7 მილიონი ლარი იხარჯებოდა. კონკრეტულად, 1 კგ რქაწითლის ჯიშის ყურძნის დასუბსიდირება ქვეყანას 0.15 ლარი, საფერავის ჯიშის 0.25 ლარი და ალექსანდროულის კი 1 ლარი უჯდებოდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლიდან სუბსიდირების მოცულობაც შეიცვალა. 2013-2016 წლებში ბიუჯეტს რქაწითლის სუბსიდირება 0.4 ლარი, საფერავის ჯიშების 0.35 ლარი უჯდებოდა, მუჯურეთულ/ალექსანდროულის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი 1 ლარი კი უცვლელი დარჩა. ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილი თანხის მოცულობაც გაიზარდა და 32 მილიონ ლარი გახდა.
2017 წლიდან მთავრობა ყურძნის ფასის სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოებს თანხა, ჯამში 13 მლნ ლარი მაინც გამოუყო. სუბსიდია მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შენარჩუნდა და ის 1 კგ. ყურძენზე 2 ლარი იყო. სახელმწიფოსგან კომპენსაცია (1კგ. ყურძენზე 0.35 ლარი) იმ ღვინის კომპანიებმა მიიღეს, რომელთაც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად, 1 კილოგრამი ყურძენი (რქაწითელი და კახური მწვანე) არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს.
2018-2019 წლებში მთავრობამ სახელმწიფო საწარმო „აკურას“ 10-10 მილიონი ლარი გამოუყო. თუმცა 2019 წელს გამოყოფილი 10 მლნ საკმარისი არ აღმოჩნდა და ჭარბი ყურძნის შესაძენად ჯამში 80 მლნ ლარი გახდა საჭირო.
2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის სუბსიდირებაში უკვე 87 მლნ ლარი გადაიხადა და 95 000 ტონა ყურძენი შეისყიდა. 2021 წელს რთვლის სუბსიდირებისთვის კი ჯამში 138 მლნ ლარი დაიხარჯა, სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის“ კომპანიას ჩაერიცხა.
2022 წელს რთვლის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, ორ წლის წინ განხორციელდა როგორც თეთრი ყურძნის, ასევე რაჭის ზონაში შავი ყურძნის ფასის სუბსიდირება და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა.
გასულ წელს კი „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და შენახვისთვის 60 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, თუმცა საქართველოს ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მლნ დაიხარჯა.
საერთო ჯამში, 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაში 655 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.