2007 წლის 10 მაისს სააკაშვილის ბრძანებულებაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ წერია, რომ ამ დროებითმა ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებასთან, მომავალი ავტონომიური ოლქის სტატუსის განსაზღვრის შესახებ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის„ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, 2007 წელს დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის ფაქტს ეხმიანება.
დეპუტატმა მიმოიხილა, როგორ მოხდა სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების აღდგენა და ადმინისტრაციულ ერთეულად ქცევა.
„ახალგორის გამგებელმა, ბატონმა გელა შერმადინმა ბრძანა, რომ როდესაც 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მას სრულიად ხელოვნურად შეუერთეს ახალგორის რაიონი, რადგან მხოლოდ სამი რაიონი – ცხინვალი, ჯავა და ზნაური – ძალიან პატარა იყო ავტონომიისთვის.
მინდა ამ საკითხის მოკლე ისტორია მოვყვე, რადგან ახალგაზრდებს ხშირად არ ესმით, რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ამ თემებს განვიხილავთ:
1990 წლის 30 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც სამხრეთ ოსეთი გამოაცხადეს დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად, დამოუკიდებლად არა საბჭოთა კავშირისგან, არამედ საქართველოსგან. იმავე წლის 22 ნოემბერს, ზვიად გამსახურდიას დროინდელმა პარლამენტმა გააუქმა ეს დადგენილება და ამაზე შორს არ წასულა, რათა ვითარება უფრო არ გაემწვავებინა და ავტონომიურ ოლქს შეუნარჩუნდა თავისი სტატუსი. თუმცა, იმის გამო, რომ იქ გაგრძელდა ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ქმედებები, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, 11 დეკემბერს კონსტიტუციის დონეზე გაეუქმებინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1995 წელს, როდესაც შეიქმნა საქართველოს სამხარეო მოწყობა, ახალგორი შევიდა მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში, რაც ისტორიულადაც და გეოგრაფიულადაც უფრო სწორია.
ამის შემდეგ, 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილმა დე-ფაქტო აღადგინა ყოფილი ოლქი. 2007 წლის 10 მაისს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ”. ოფიციალურ დოკუმენტებში პირველად გაჩნდა ტერმინი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ გააუქმა იგი. ამ ბრძანებულებაში ერთი უცნაური რამ იკითხება – რომ დროებითმა ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს საქართველოს ხელისუფლებასთან მომავალი ავტონომიური ოლქის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. ანუ, საქართველოს ხელისუფლება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა გამიჯნულია ერთმანეთისგან, თითქოს რაღაც ორ სხვადასხვა ქვეყანაზეა საუბარი. იქიდანვე არის ჩადებული ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ნაღმები მთელს ამ ისტორიაში,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
