თეა წულუკიანმა საშემოდგომო სესიის პირველ დღეს განაცხადა:
“მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ.
2004 წლიდანვე გაუქმდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა, ასევე, ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჯანდაცვის, სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსების ერთიანობისათვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა.
2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში “ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს: “შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ წუხილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც. 2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც – შეთანხმებული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა: „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ეს ხდებოდა 2004 წლის ზაფხულში. კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც, 2004 წლიდან, მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ მეტად დამძიმებისკენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
