ყველას, ვინც ახლა სამსახურში მიდიხართ, ერთი ორი საათი რომ დააგვიანოთ, დარწმუნებული ვარ, არაფერს არ ნიშნავს. მოდით ჩვენთან, დაგხვდებათ პოზიტიური განწყობა, ძალიან კარგი დამოკიდებულება, ბრძოლის ჟინი და შემართება, რომ წინ წავიდეთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები დღეს საღამოს 20:00 საათამდე დარჩებიან.
„ასე მხნედ, ენერგიით, ძალიან დიდი პოზიტიური განწყობით ვიყავით მთელი ღამე აქ. ბევრს ეგონა, რომ აქ ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ ვიყავით. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ, ვინც ახლაც აქ ხართ, ჩემი აზრით, თქვენ ჩაიდინეთ ძალიან დიდი გმირობა. დიდი მადლობა, რომ ეს გამძლეობა ვაჩვენეთ, ჩვენ პროტესტის ახალ ფორმაზე გადავედით, დავორგანიზდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გოგონებს და ბიჭებს ვუთხრა, რომლებიც კარავში არიან და ისევ ყავას, ჩაის, საკვებს აწვდიან ადამიანებს, რომლებიც დილით მოვიდნენ.
გელოდებით ყველას, ვინც ახლა ტელევიზორებიდან გვიყურებთ, გელოდებით, მობრძანდით აქ, 24 საათი გრძელდება ეს პროტესტი, საღამოს 20:00 საათამდე ვართ აქ, ასე წყნარად, მშვიდობიანად, პოზიტიური განწყობით ვართ, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენკენაა, ჩვენ გვინდა ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო და რაც მთავარია, საქართველო ივანიშვილისა და ამ უბედურების გარეშე. სიმართლე გითხრათ, დაღლილობას ვერ ვგრძნობ, იმდენად სასიამოვნო საუბრები იყო მთელი ღამის მანძილზე, ისე ენერგიულად ვართ. ზოგი ამბობს, მეორე ღამეც ხომ არ დავრჩეთო, მაგრამ მოდი, დღეს, რაც ვთქვით, ის გავაკეთოთ, დღეს, 20:00 საათამდე ვართ აქ. ყველას, ვინც ახლა სამსახურში მიდიხართ, ერთი ორი საათი რომ დააგვიანოთ, დარწმუნებული ვარ, არაფერს არ ნიშნავს. მოდით ჩვენთან, დაგხვდებათ პოზიტიური განწყობა, ძალიან კარგი დამოკიდებულება, ბრძოლის ჟინი და შემართება, რომ წინ წავიდეთ. გელოდებით მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვადევნებთ თვალს“, – განაცხადა ვაშაძემ.