პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და მედიამენეჯერებს აერთიანებს, მზია ამაღლობელის საქმეს ეხმაურება. ერთობლივი განცხადებით ისინი პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლონ ამაღლობელი. ასევე, გამოიძიონ მის მიმართ არაადამიანური მპყრობის ფაქტი.
გარდა ამისა, ისინი ყურადღებას ამახვილებენ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აცხადებენ, რომ 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. ამიტომ, ციხეში არ უნდა დაბრუნდეს.
“მზია ამაღლობელი არის “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის”, ორი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი ონლაინ-გამოცემების თანადამფუძნებელი და დირექტორი, რომლებიც აშუქებენ აშუქებენ კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებს. მთელი კარიერის განმავლობაში მზია იჩენდა სამაგალითო გამბედაობასა და მტკიცე ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად. მზია დააკავეს დემოკრატიული პროტესტის ბრუტალური ჩახშობებისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმების ფონზე […] ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის, “ბათუმელებიდან” და “ნეტგაზეთიდან” მისი კოლეგების და საქართველოში ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის გვერდით”, – წერია მიმართვაში.
განცხადებას ამ დროისთვის [20 თებერვალი] ხელს აწერს 215 ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი, ასევე 84 ორგანიზაცია, რომლებიც პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უფლებებზე მუშაობენ. თუმცა, განცხადება ღიაა და მასზე ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება.
განცხადება სრულად და ხელმომწერთა სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
მზია ამაღლობელი “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორია. 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ მან საკების მიღების გადაწყვეტლება მიიღო.
ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა მიიღო.
13 თებერვალს ამაღლობელის იურისტებმა, საქმეში ახალი გარემობებების გამოვლენის მოტივით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართეს. 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. 16 თებერვალს ყოლბაიას გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის საქმეზე სარჩელი უკვე მეორედ ცნო დაუშვებლად. ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
