20-30-40 ადამიანის სავიზო შეზღუდვა ეკონომიკაზე ვერ იმოქმედებს – გიორგი კაკაურიძე

20-30-40 ადამიანის სავიზო შეზღუდვა ეკონომიკაზე ვერ იმოქმედებს – გიორგი კაკაურიძე
20-30-40 ადამიანის სავიზო შეზღუდვა ვერ იმოქმედებს ეკონომიკაზე, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვას, აქვს თუ არა მთავრობას 6%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ნეგატიური სცენარი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსური სანქციები დაწესდება.
„თქვენ გნებავთ, რომ უარყოფითი სცენარი წავიდეს? მე დარწმუნებული ვარ და საბაზისო სცენარი ჩვენთვის არის 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და ოპტიმისტური სცენარი კიდევ უფრო მეტი. ჩვენი ვარაუდით, წელს ეკონომიკა იქნება საბაზისოდან ოპტიმისტურის შუაში. ნეგატიური სცენარის განვითარებას არ ველოდებით. სანქციები არ არსებობს, 20-30-40 ადამიანის სავიზო შეზღუდვა ვერ იმოქმედებს ეკონომიკაზე, არ ექნება ამას ეკონომიკაზე გავლენა და დარწმუნებული ვარ, რაიმე მნიშვნელოვანი სანქციები ჩვენს ქვეყანას არ ექნება“, – თქვა კაკაურიძემ.
კითხვაზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან ერთად გაიზრდება თუ არა ბიუჯეტი და ელოდება თუ არა მთავრობა მეტ შემოსავალს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ მეტ შემოსავალს ელოდება.
„მეტი შემოსავალი დაფიქსირებულია პროგნოზებში. მაკროეკონომიკური ცხრილები, რაც წარმოდგენილია, შემოსავლების ზრდაც არის დაფიქსირებული. ჩვენ ვუყურებთ გარკვეულ საჭიროებებს სამინისტროებში, უწყებებში, სადაც დამატებითი თანხების საჭიროებაა. ვნახოთ, ბიუჯეტი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ 6 თვის ანალიზს, ფაქტიურ მონაცემებს, ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს. ცვლილებები ალბათ გვექნება, თუმცა იქნება ახლა, თუ საშემოდგომო სესიაზე, ეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც 6 თვის ანალიზი გვექნება. შესაძლებელია, ცვლილებები იყოს ახლა, თუმცა ალბათ წლის მეორე ნახევარში უფრო ადეკვატური იქნება“, – თქვა კაკაურიძემ.
bm.ge