„ბიზნესს აქვს გადამწყვეტი როლი ამ მოლაპარაკებებში“, – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე” საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალი საზოგადოებასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი და ასევე ბიზნესის სწორი მიდგომებია.
„მმართველი პარტია უნდა ესაუბრებოდეს საზოგადოებას და საზოგადოებაც მზად უნდა იყოს მოლაპარაკებისთვის. ბიზნესს აქვს გადამწყვეტი როლი ამ მოლაპარაკებებში. 20-25-მდე ბიზნეს-კომპანიაა, რომელიც ავსებს ბიუჯეტს და ქმნის ბიზნეს-კლიმატს. მათ შეუძლიათ აჩვენონ მმართველ პარტიას, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ პოლიტიკურ კრიზისს ჩვენი მყიფე ეკონომიკისთვის და მისი სტაბილურობისთვის. შეიძლება მერე მმართველმა პარტიამ რაღაცეები გაითვალისწინოს კიდეც,“ – აღნიშნა ჭუმბურიძემ.
მან გადაცემაში ასევე ისაუბრა, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მსოფლიო ლიდერები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი გმობენ საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ. ამასთან, განცხადებაში ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას რომ დაცული იყოს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, შეიცვალოს კანონები რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და აღდგეს დიალოგი როგორც საზოგადოებასთან ისე ოპოზიციასთან.
„მსოფლიო ლიდერებმა ეს განცხადება ჩვენი ერის დაცვისა და გაძლიერებისთვის გააკეთეს და არაფერი მტკივნეული ამაში არ ყოფილა. აქ საქმე უფრო მარტივადაა, ეს არ არის 27 ქვეყნისგან შემდგარი ევროკავშირი, სადაც მუშაობს კონსესუსი. ეს არის სამი ქვეყნისგან შემდგარი კავშირი, თუმცა იქ ორი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა – გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც ევროკავშირში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუნდაც ჩვენი გაწევრიანების პროცესში, ამიტომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ,“ – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
bpn.ge
