20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

“ჯუნიორ ბოკე” “უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის” ჯერ კიდევ დაუძლეველ ბარიერად რჩება. ბოლო წლებში ჩვენმა გუნდმა ტიერ1-ის ქვეყნებთან არაერთი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სამხრეთ აფრიკას გასაღები ჯერ ვერ უპოვა.
2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით, აფრიკელებმა საქართველოში ორი თამაში გამართეს და პირველი 23 თებერვალს “ავჭალაზე” 38:29, ხოლო მეორე 28 თებერვალს “ლელო არენაზე” 27:12 მოიგეს.
რა თქმა უნდა, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ის გამოცდილებაა, რომელიც ლადო კილასონიას შეგირდებმა მზადების ამ ეტაპზე შეიძინეს. აქამდე “უმცროს ბორჯღალოსნებს” ტიერ1-ის ქვეყნებთან თამაშის შესაძლებლობა
მხოლოდ მზადების დასკვნით ფაზაში ჰქონდათ ხოლმე, ახლა კი ორი მაღალი დონის თამაში ოფიციალურ ტურნირამდე რამდენიმე თვით ადრე გამართეს და მწვრთნელებს შესაბამისი დასკვნების გამოსატანად და შეცდომების გამოსასწორებლად საკმარისი დრო ექნებათ.
შეკრება ისეთ დროს დაემთხვა, როდესაც ლეგიონერები საკლუბო ვალდებულებებისგან თავისუფალი იყვნენ და კილასონიას კანდიდატებზე დაკვირვების საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდა. განვლილ ორ შეხვედრაში მონაწილეობა 40-მა მოთამაშემ მიიღო, რამაც სამწვრთნელო შტაბს სელექციის პროცესიც უნდა გაუადვილოს.
კარგი ეპიზოდებით და შეცდომებით
სამხრეთ აფრიკელებთან პირველი მატჩის მსგავსად, მეორეც კარგი საყურებელი გამოდგა. მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა სტუმრებმა უკეთ ისარგებლეს ჩვენი შეცდომებით, სისწრაფეებით და ფეხით ტაქტიკური დარტყმებითაც დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.
პირველი თამაშის მსგავსად, შეცდომები მეორე შეხვედრის დებიუტშიც გვქონდა და “უმცროსმა ბოკემ” ამჯერად 10-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. მათ მაღალ ტემპში შემოგვიტიეს, ორჯერ შეცვალეს მისი მიმართულება, მარჯვენა ფრთაზე შექმნილი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და ლელოთი დაწინაურდნენ. შემდეგ შეცდომას დიდი მანძილის დაკარგვა მოჰყვა, მერე ჩვენს 22-ში ბოჭვა გაგვიცუდდა და ალამთან მეორე გავუშვით.
საწყისი 15 წუთის შემდეგ თამაში დავალაგეთ, მოლით და ფორვარდებით შევუტიეთ, რასაც აფრიკელთა მხრიდან ჯარიმები მოჰყვა. მესამე ჯერზე 5-მეტრიანი დერეფნიდან დაყენებულ ცრუ-მოლს შოთა ხელაძე მოწყდა და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. 30-ე წუთზე სამხრეთაფრიკელმა ფორვარდებმა შესანიშნავი ხელის ტექნიკა გამოავლინეს, ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს და მონაგარს 5 ქულა შემატეს, ზედ შესვენების წინ კი ბურთიან მომხვდურს ლელოში დამიწების შესაძლებლობა არ მივეცით და ტაიმი 5:15 დავთმეთ.
მეორე ტაიმი ქართველი მორაგბეების კარგი შესრულებით და ლელოთი დაიწყო. ბუბა ნოზაძემ ბურთი ფეხით მოკლეზე გადაკიდა, მას 22-ის ხაზთან გიორგი ხაინდრავა დაეუფლა და სწრაფი პასით ძელებსშუა გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი შეუშვა. ნოზაძემ გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და ისე ჩანდა, ლელოც მალე გავიდოდა, მაგრამ 56-ე წუთზე ბოჭვა მეტოქის ნახევარზე გაგვიცუდდა და სწრაფი შეტევის ხარჯზე გარდასახული ლელო აქეთ მივიღეთ.
სტუმრები აგრძელებდნენ დაცვაში საიმედო თამაშს და თავიანთი შესაძლებლობების ლოდინს. 62-ე წუთზე მათ კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ლელოთი უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდეს. საქართველოს იქვე შეეძლო პასუხის გაცემა, ხაინდრავას ფეხით შეცურებულ ბურთს ნუგზარ ქევხიშვილი მიჰყვა, თუმცა დარტყმა ძლიერი აღმოჩნდა. ორმხრივი შეტევების მიუხედავად, ანგარიში დარჩენილ დროში აღარ შეცვლილა და სამხრეთ აფრიკამ 27:12 გაიმარჯვა.
ორმატჩიანი ტესტ-სერიის მეორე შეხვედრა

თბილისი. „ლელო არენა“.

საქართველო – სამხრეთ აფრიკა 12:27 (5:15)

საქართველო:

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. გივი სოსელია (ხვამლი), 10. ბუბა ნოზაძე (), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);
შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. თემურ წულუკიძე (ოიონა), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. ირაკლი უსუბიანი (სურენსი), 17. ალიკა ბაჩოშვილი (ვეფხვები), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 20. ლუკა ნარსია (აია); 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge