“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა იტალიაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 30 მოთამაშე შეარჩია.
30 მორაგბეს შორის 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. მათგან 10 ლეგიონერია, 20 კი ქართულ კლუბებს წარმოადგენს: 1 “შავი ლომიდანაა”, 7 “ლელოდან”, 4 ქუთაისის “აიას” წარმოადგენს, 3 “არმიას”, ორ-ორი “ბათუმსა” და “ხვამლს”, კიდევ ერთი კი პატარძეულის “ვეფხვებს”. საგულისხმოა, რომ სატურნირო რაზმში 8 2006, ხოლო 4 2007 წელს დაბადებული მოთამაშეა.
გუნდი იტალიისკენ გეზს 23 ივნისს აიღებს, 26-ში ავსტრალიასთან ერთობლივი ვარჯიში ექნება, 29-ში კი ტურნირი იწყება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზადება უკვე დასრულდა და მივფრინავთ იტალიაში, სადაც ცოტას დავისვენებთ და საერთო ვარჯიში გვექნება ავსტრალიასთან. ფიზიკური მომზადების მხრივ ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვართ. რა თქმა უნდა არიან მოთამაშეები, რომლებიც გვიან შემოგვიერთდნენ, თუმცა ისინი საფრანგეთში თამაშობენ და კარგ ფორმაში არიან. ახლა მთავარია რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ ოპტიმალურ ფორმაში. როდესაც ფიზიკურად დიდხანს ვარჯიშობ და გინდა ეს მოედანზე გადაიტანო, ამისათვის საჭიროა თამაშები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინგლისთან თამაში ძალიან საჭირო და მაგარი გაკვეთილი იყო ჩვენთვის“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.
20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია (მესამედ 2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს. ის 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.
საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.
2016 წლიდან მოყოლებული, საქართველო 12-გუნდა ელიტის უცვლელი მონაწილეა და საუკეთესო შედეგი 2023 წელს აჩვენა (მე-8 ადგილი), შარშან და 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო 3-ჯერ მე-10-ე (2016, 2017 და 2019) იყო. 2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე
შერკინება: არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), მიხეილ ხახუბია (ლელო), შოთა ხელაძე (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), ანდრო დვალი (პერპინიანი), გიორგი არძენაძე (ბათუმი), მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკა აბესაძე (ლელო), ლუკა ნარსია (აია);
ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), თემურ ძოძუაშვილი (აია), დავით წიკლაური (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიგი სირბილაძე (ლელო), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი (არმია), სანდრო მესხიძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), საბა შარვაშიძე (აია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
