20 წელიწადში მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ქსელი მთელ ევროპას დაფარავს

20 წელიწადში შესაძლებელი იქნება ამსტერდამიდან პარიზამდე მატარებლით საათ-ნახევარში, პარიზიდან ვარშავამდე დაახლოებით ექვს საათში, ხოლო ვარშავიდან ბერლინამდე ორსაათ-ნახევარში ჩასვლა. ეს შესაძლებელი გახდება მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ქსელის წყალობით, რომელიც ევროპის ყველა რეგიონს დააკავშირებს.
მომდევნო ოცი წლის განმავლობაში, დაახლოებით 50 000 კილომეტრი სიგრძის ხაზის აშენება იქნება საჭირო 250-დან 350 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მატარებლების განსათავსებლად. დღეს ევროპას მხოლოდ 200 000 კილომეტრი რკინიგზის ლიანდაგი აქვს, რაც მეორე მსოფლიო ომამდელ დონესთან შედარებით 15%-20%-ით ნაკლებია.
მარშრუტები მხოლოდ დედაქალაქებს შორის არ იმოძრავებს. დაგეგმილია ყველა მსხვილი ქალაქის დაკავშირება და მარშრუტების გახსნა დაახლოებით 250 000 მოსახლეობით ქალაქებში – მაგალითად, ათენიდან სალონიკამდე ან ნეაპოლიდან ბარიმდე (იტალია).
მატარებლით მგზავრობა, თვითმფრინავისგან განსხვავებით, დროს ზოგავს: რკინიგზის სადგურები ქალაქის ცენტრებში მდებარეობს და არ არის საჭირო აეროპორტებისგან განსხვავებით უსაფრთხოების შემოწმების გავლა.
მოსალოდნელია, რომ 20 წლის განმავლობაში ევროპელთა 50% შორ მანძილზე გადაადგილებისთვის ჩქაროსნულ მატარებლებს გამოიყენებს. ქალაქებს შორის სწრაფი კავშირები რეგიონულ განვითარებას ასტიმულირებს და მათ შორის ეკონომიკურ დაშორებას ამცირებს.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მომსახურება უკვე კარგად არის განვითარებული – ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.
მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი კომპანია Hitachi Rail-ისთვის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპელები უკვე კომფორტულად გრძნობენ თავს მატარებლით მგზავრობისას. ორივე კონტინენტზე ათიდან შვიდზე მეტმა გამოკითხულმა განაცხადა, რომ მარშრუტების განვითარების შემთხვევაში ისინი მატარებლით უფრო ხშირად ისარგებლებდნენ და ნახევარზე მეტი მას მაშინაც კი გამოიყენებდა, თუ მატარებლით მგზავრობა მანქანით მგზავრობაზე უფრო ძვირი იქნებოდა.
წყარო: euro-pulse