„20 წელია „ბიოლს“ ვძერწავ“ – როგორ ვითარდება ველნეს ტურიზმი საქართველოში?

“წელს 20 წელი გახდა, რაც „ბიოლს“ “ვძერწავ”
“ბიოლისთვის” ნაკვეთების შეძენა მოსახლეობისგან 2005-ში მაქვს დაწყებული. დღეისთვის ჩემი ინვესტიციები 49 მილიონ დოლარს უახლოვდება. „ბიოლი“ ჩემთვის ბიზნესი არაა, ბიოლი არის ჩემი ცხოვრების მისია – შევქმნა ცნება “ქართული ველნესი”, როგორც ბრენდი-მარგალიტი მსოფლიო ველნეს ინდუსტრიაში” – ეს პოსტი ბიზნესმენმა და ვენლეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ Facebook-ის პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
საქართველოში ჯანმრთელობის რესურსებზე ზრუნვის მიმართულებით ბიზნესის წამოწყების სურვილი, როგორც პოსტში თამაზ მჭედლიძე აღნიშნავს 2 ათეული წლის წინ გაუჩნდა, ველნეს კურორტი „ბიოლი“ კი 2017 წლიდან გაიხსნა. ამის შემდეგ მან თბილისთან ახლოს, კოჯორში ველნეს კურორტი ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარა. თამაზ მჭედლიძე გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს პროექტის 40% შესრულებული აქვს და „ბიოლის“ ქართული ველნესის მარგალიტად გადაქცევას აგრძელებს.
როგორ ვითარდება ქვეყანაში ველნეს ტურიზმი? რა გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული ვითარება მაღალგადამხდელუნარიანი ვიზიტორების განწყობებზე, რომლებიც ინტერესდებიან გამაჯანსაღაბელი მიზნებით მოგზაურობაზე? როგორ ვითარდება თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მოქმედი კურორტი “ბიოლი” – #რედაქტ2-ის ამ და სხვა კითხვებს, „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ უპასუხა.
– ბატონო თამაზ, სანამ საქართველოში ველნეს ტურიზმის განვითარებაზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ როგორ აისახა ქვეყანაში ნოემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები “ბიოლის” საქმიანობაზე?
– ნოემბერში გვქონდა მინუს 180 ათასი ლარი, დეკემბერში – მინუს 185 ათასი ლარი და იანვარში გვქონდა მინუს – 201 ათასი ლარი. დამსვენებელი გვყავდა, თუმცა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ნულოვან მაჩვენებელზე არ გავსულიყავით.
საერთოდ ველნესი, ისეთი სფეროა, რომლითაც მაღალგადამხდელუნარიანი ადამიანები ინტერესდებიან. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ ცხოვრებაში, ჯანმრთელობის ფასი იციან და მიდიან ამა თუ იმ ქვეყანაში კურორტებზე, სადაც ორგანიზმს იჯანსაღებენ და ჯანმრთელობის რესურსებს იუმჯობესებენ.
საქართველოში დავბრუნდი, რომ „ჯორჯიან ველნესი“ შემექმნა. 20 წელია, რაც ეს საქმე დავიწყე. 2017 წლის აგვისტოს დავარქვით გახსნის წელი, თუმცა მანამდე სატესტო რეჟიმში ვამუშავებდით.
– რა გავლენა იქონია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ „ბიოლის“ დატვირთულობაზე – საიდან გსტუმრობდნენ ვიზიტორები და მოგიწიათ თუ არა საფასო პოლიტიკის გადახედვა?
– საფასო პოლიტიკის გადახედვა მოგვიწია. ფაქტობრივად, როდესაც უცხოელები ნაკლებად არიან ქართველები უფრო მეტად ამოდიან. ქართველებისთვის კი ველნესის ცნება სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევას ნიშნავს. კულტურა არ გვაქვს ჯერ. ამიტომ ფასიც სათანადო უნდა იყოს. ზაფხულში კოტეჯის ღირებულება თუ 400 დოლარი იყო, ახლა 150 დოლარია. უცხოელებისთვის ის ფასიც არ არის მაღალი. უცხოელი დამსვენებლები ალაგ-ალაგ იყვნენ, მაგრამ იმედია ადრე თუ გვიან, წლების განმავლობაში მაინც დალაგდება მდგომარეობა და ყველაფერი გამოსწორდება. ამ საქმეს მე ჩემი რესურსებით და შესაძლებლობებით ვაკეთებ…
ხომ იცით, ბაყაყს რძეში რომ ჩააგდებენ, კიდურებს აფათურებს, აფათურებს და ბოლოს გამოსდის არაჟანი, ამოდის და გადარჩება… მაგ იმედით ვარ, ამით ვაკეთებ და ეს ჩემი ცხოვრების მისიაა.
– ჩვენ პანდემიური პერიოდის გამოვიარეთ, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის რთული იყო, რამდენად შეგიძლიათ დღეს არსებული მდგომარეობა, პანდემიურ პერიოდის ვითარებას შეადაროთ?
– „ბიოლისთვის“ პანდემიურ პერიოდში შედარებითი პლიუსი იყო, რადგან ჩვენ ცალ-ცალკე კოტეჯები გვაქვს და შეძლებული უცხოელებისთვის ეს კარგი შესაძლებლობა იყო,
…მე რომ თითოეული წლის განმავლობაში ვითვლიდე, მე ეს ბიზნესი საერთოდ არ უნდა გამეკეთებინა. მიმდინარე წლის ბოლოს აქ ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ 50 მლნ დოლარს მიაღწევს. მე რომ ისე მეთვალა, რომ აქ ბიზნესში ფულს ვდებ, ფაქტობრივად აქ ფული არ უნდა ჩამედო, რადგან აქ იყო ჭაობები, თიხოვანი მიწა იყო… საკმაოდ დიდი რესურსი დამჭირდა, თუმცა ახლა ბევრს მოსწონს და სამოთხეს ეძახიან. მაგრამ ეს ადგილი სამოთხედ რომ მექცია, ამას დიდი რესურსი დასჭირდა. ამას როგორც ბიზნესს არავინ გააკეთებდა. ვინ ჩადებს ფულს იმისთვის, რომ 20 წლის შემდეგ კიდევ წაგებას ითვლიდე…
ჩემი მაგალითი არასტანდარტულია. მინდა შევქმნა ბრენდი „ქართული ველნესი“, რისთვისაც 1-2 და 10 კი არა ათწლეულები დამჭირდება. ფაქტობრივად, ეს რაღაც დონეზე გაკეთებულია, მაგრამ რომ დავასრულო “ქართული ველნესი” მსოფლიო მარგალიტი გახდეს, ამისთვის კიდევ დაახლოებით 2-3 წელიწადი მჭირდება. ეს უფრო ბრენდული იქნება.
– ანუ ველნეს ტურიზმი, როგორც ბიზნესი ამ ეტაპზე თქვენთვის მოგებიანი არ არის?
– დიახ, ასეა, მაგრამ მინდა გითხრათ, საქართველოში იმდენი ბუნებრივი რესურსია და იმდენი საკურორტო ზონებია, რამდენიც მთელ დიდ ევროპაში. სოფელს ვერ ნახავ, თავისი მკურნალი არ ჰყავდეს. ჩემი ოჯახიც მკურნალების ოჯახი იყო და ჩვენ – შვილების მედიცინით გავყევით.
– ბატონო თამაზ, გასული წლის ბოლოს bm.ge-სთან საუბრისას თქვენ აღნიშნეთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ დაანონსებული ველნეს ვილების პროექტი გაჩერებულია. თქვენ ამბობდით, რომ საინვესტიციო ვილების კონცეფცია დუბაიში გამართულ გამოფენაზე ძალიან მოეწონათ, თუმცა საქართველოში ინვესტირების სურვილი არ გამოთქვეს. სანამ ვილების პროექტის აფდეითს გთხოვთ, მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო – როგორ მოქმედებს არასტაბილური გარემო ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე – ინვესტორებზე, რომლებიც ქვეყანაში ინვესტირებას გეგმავენ? თქვენ როგორც ბიზნესმენსა და ინვესტორს როგორი განწყობები გაქვთ?
– დიახ, დუბაიში იყო გამოფენა ველნესს მიმართულებით და ჩვენს სტენდთან სასწაული ხდებოდა. დუბაის მთავრობაც კი მოვიდა… მაგრამ როგორც კი საქართველოს ვახსენებდით, სკეპტიკურად გვიყურებდნენ ეგრევე. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი გავხადოთ ძალიან დიდი გვაქვს, ძალიან დიდი სამუშაოა… ქვეყნის შესაძლებლობა, ლეგენდა მედეაზე – ამის არ გამოყენება არ შეიძლება….
– თუმცა ისტორიის გარდა გვაქვს აწმყო, სადაც ევროინტეგრაცია შეჩერებულია და დასავლეთის მხრიდან კრიტიკა გაძლიერებულია და დაფინანსების შეჩერებები ჩვენი ქვეყნის მიმართა – რა გავლენას ახდენს ეს გარემო ინვესტორების განწყობებზე?
– მე ინვესტორის ძალიან ცუდი ნიმუში ვარ, რადგან არ ვჩერდები და ვერაფერი შემაჩერებს… მაგრამ უცხოელები ძალიან ფაქიზი ხალხია… ინვესტორებს კაპიტალი იქ მიაქვთ, სადაც კანონი კანონობს და შიში არ აქვთ იმის, რომ მათ რამეს წაართმევენ. ის ინვესტორები, რომლებთანაც მე საუბარი მქონდა, ყველამ მითხრა დავიცადოთო… მე კი ვაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებ…
– რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წერდით და BM.GE-სთან არაერთ ინტერვიუშიც ნათქვამი გაქვთ, რომ “ქართული ველნესი” ბრენდი უნდა გახდეს, რისთვისაც ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ. თქვენივე სიტყვებია, რომ „საქართველო ქართული ველნესის ბუტიკურ ქვეყნად უნდა ვაქციოთ“ – რამდენად ახერხებთ ამ მიზნის შესრულებას?
– კი მიჭირს, მაგრამ მაინც ვუძლებ და წინ მივდივარ… ვერაფერი შემაჩერებს.
– ბატონო თამაზ, ველნეს ტურიზმის განვითარებისთვის თქვენ 2 წლის წინ ქართული ველნეს ასოციაციაც დააფუძნეთ, რომელიც თქვენ მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში უნდა დაგეხმარებოდათ. არის თუ არა დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდან ველნეს ასოციაციაში გაწევრიანების კუთხით? რას საქმიანობს დღეს გაერთიანება?
– ეს ასოციაცია პირველ რიგში იმისთვის შეიქმნა, რომ ველნეს ინდუსტრიიდან დასავლელი პარტნიორები, მოგვეზიდა და დაგვენახებინა რა სიმდიდრე გვაქვს. ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ამ საქმესაც დაარტყა, რადგან ეს ჯერჯერობით გაჩერებულია.
– ბოლო ორი წელია სახელმწიფოს მიერ ტურიზმის წლიურ სტრატეგიაში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის სახელდება – თუ გაქვთ ინფორმაცია კეთდება თუ არა რამე იმისთვის რომ საქართველო, საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით გახდეს პოპულარული? იყო თუ არა სახელმწიფოს მხრიდან დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ინიციატივა ან იდეა იმისთვის რომ კერძო სექტორის შეფასებები გაეზიარებინათ?
– ჩემი მხრიდან ცოტა თავხედობა იქნება სახელმწიფოს რომ მივმართო „ბიოლისთვის“ რამე საერთაშორისო დონეზე გამიკეთეთქო, რადგან ერთადერთი კომპანია ვარ, რომელიც ქვეყანაში ველნესით სერიოზულად არის დაკავებული. მენეჯმენტს რაღაც კავშირი აქვთ, თუმცა საკითხების დონეზე არა. კონკრეტულად მე არავის შევხვედრივარ…
– რა არის საჭირო დღეს დარგის განვითარებისთვის?
– სასწაული რაოდენობის საჭიროება გვაქვს. კანონმდებლობა მთლიანად მოსარგები და გადასკეთებელია, რადგან 60-იანი წლების სტანდარტები რომ არის, წარმოიდგინეთ ეს რამხელა შემაფერხებელი ფაქტორია. სიტყვა „ველნესიც“ კი არ იციან ჯერ რას ნიშნავს. ეს არის ჯანმრთელობის რესურსების მართვა. ბევრმა ეს დღემდე არ იცის. ეს არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ველნესი რომ განვითარდეს საქართველოში, ის მოიზიდავ მაღალგადამხდელუნარიან ტურისტს… ისინი რომ შემოდიან და ამ ქვეყანაში რომ ჯანსაღდებიან, შემდეგ უნდებათ ინვესტიციების ჩადება სხვადასხვა სფეროში. ეს ისეა ყურძნის მტევანს ხელს რომ მოკიდებ და მთელი ყურძენი რომ ამოდის.
მე მედიცინაში ვიყავი და ეს უფრო რენტაბელური საქმეა, მაგრამ მე რომ ამის მნიშვნელობა მესმის, აქეთ გადმოვერთე. ამ კუთხით საგანმანათლებლო სისტემაც კი მოსაწესრიგებელი, რადგან ქართველი ხალხისთვის, ბევრისთვის ველნესი სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევაა…
– როგორც ვხვდები, 2 წლის წინ როდესაც ასოციაციას აფუძნებდით იგივე პრობლემებზე საუბრობდით, მათ შორის ველნესის მიმართულებით კადრების დეფიციტზე…
– არაფერი შეცვლილა.
– ანუ გარდა იმისა, რომ ქვეყნის შიგნითაა საზრუნავი ამ მიმართულების განვითარებაზე, აუცილებელია საერთაშორისო დონეზე ველნეს ტურიზმით პოზიციონირებაც… შესაბამისად, დღეს 2024 წელს სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ტურიზმზე მოდის 0,4%. როგორია თქვენი მოლოდინი 2025 წელს ?
– წელს ჩვენ 4 ეკო ხის შალე დავამატეთ. თოვლი გადნება თუ არა ამ შალეებთან დავასრულებ 3 000 კუბური მეტრის ტბის მოწყობას. ეს იქნება ყველაზე სუფთა ტბა მსოფლიოში… დიდი ველნეს კომპლექსის მშენებლობა მიდის, სადაც მოძრავი გადახურვით აუზი მოეწყობა და საპროცედურო ოთახები იქნება, რაც დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებია… ამიტომ “ბიოლის” განვითარება კონკრეტულად ჩემზეა დამოკიდებული. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ ვიარო. წელს ამ პროექტით 2 მლნ დოლარი დაგვრჩა ასათვისებელი…
– 3 წლის წინ BMG-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ იმ დროისთვის “ბიოლის” ტერიტორიის განვითარების თქვენი გეგმის 10% გქონდათ შესრულებული. მაშინ ამ ტერიტორიის ერთ-ერთ მოწინავე კურორტად ჩამოყალიბებაზე მუშაობდით… დღეს რა ხდება ამ კუთხით – 2025 წლის ბოლოსთვის ამ გეგმის რა ნაწილი გექნებათ შესრულებული?
– ალბათ 40% იქნება განხორციელებული…
– შემდეგ იქნება ვილები, რომელიც ინვესტორების თავშეკავების გამო გააჩერეთ?
დიახ, ამ მიმართულებით ფიქრი და პროექტის განხორციელების გეგმა არ შემიჩერებია.
– მინდა გკითხოთ ქვეყნებზე, რომლებზეც წელს გაამახვილებთ ყურადღებას?
ახალი ბაზრების მიმართულების, ჩვენ ინდოეთის და ჩინეთის დამატებას ვგეგმავთ, უნდა გავაძლიეროთ ს და სპარსეთის ყურის ქვეყნების კუთხით მუშაობა… ის მდიდარი ქვეყნები, ვისაც მკვეთრად ცუდი ბუნება აქვთ და ჰაერი არ აქვთ. ამ ქვეყნებისთვის მოსახლეობისთვის საქართველოში სტუმრობა ძალიან კარგია. მაღალგადამხდელი ტურისტების ჩამოსვლა ყველასთვის კარგი იქნება, რადგან ეს უფრო მეტ შემოსავალს და სამუშაო ადგილს ნიშნავს.