“20 კაცი წამომესია.. ჩაგახრჩობ თოვლშიო, ხელის კვრით ძალაგამოცლილი წავიქეცი”

ვანის მცხოვრები ნაზი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო გამგებელს დახმარების თხოვნით მიმართა, სანაცვლოდ კი  გამგებელმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მას უყვირა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა აგინა, მეორე პირმა კი ხელი კრა და წააქცია.

სოფლიდან მუნიციპალიტეტში ჩასული ჩახუნაშვილი უკან, სახლში ვერ ბრუნდება, სადაც  88 წლის დედა, 60 წლის ონკოპაციენტი და და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 32 წლის დისშვილი ელოდება.

ნაზი ჩახუნაშვილის თქმით, ვანის გამგებელმა უთხრა, რომ მძიმე ტექნიკის არარსებობის გამო ვერ დაეხმარებოდა, ხოლო როდესაც გამგებელთან დახმარების თხოვნით მეორედ მივიდა, გოგორიშვილმა უყვირა, მისმა თანმხლებმა პირებმა კი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი კრეს.

“სახლი არის ძველი, სახურავიც ძველია. ადევს 2 მეტრამდე თოვლი ზევით. ის სახლი რომ ჩამოინგრეს, ჩემი და რომ გამოვიდეს, ორს ვერ გამოიყვანს, რადგან ერთი მოხუცებულობისგან დაპატარავებულია და მეორე განუვითარებელია და სიმაღლე არ აქვს. ანუ, გაიგუდებიან თოვლში. სამი დღეა გადავდივარ გამგეობის წინ და ვეხვეწები. გამგებელი გოგორიშვილი არ არის ცუდი ადამიანი. რა გიყო, შევდივარ შენ მდგომარეობაშიო. არაფერი ზედმეტი არ უთქვამს. რა ვქნა, არ მაქვს ტექნიკა და რა გიყო არ ვიციო. ხვალიდან ამინდი გამოვა და ნუ გეშინიაო.

წამოვედი სახლში. უკვე დამხვდა მოსული, გამგებლის ჩათვლით იდგა 20 კაცი. ვეკითხები, თუკი ამ ადგილამდე ახვედი და გაასუფთავე, ქეთოს და დედაჩემს ხომ იცნობთ, გამოგევლოთ ამ მხარეს, რა იქნებოდა. ამიყვირდა. შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მაგრამ ამიყვირდა. ეს რომ მისმა ცუციკებმა გაიგონეს, 20 კაცი წამომესია. ერთ-ერთმა ხელი მკრა, ასე მითხრა, ჩაგახრჩობ ახლა თოვლში, შენი დედაო… ისე ვიყავი განერვიულებული ხელის კვრით და ძალა გამოცლილი, რომ წავიქეცი.

მეორემ, ოლეგი გიორგაძემ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვები მითხრა. შე უმადურო, გაფუჭებულო, წადი ახლა და მიშა გიშველისო. გამგებელს ხმა არ ამოუღია, მაგრამ ამ ყველაფერს უყურებდა და ისმენდა”. – უყვება მოქალაქე “ტვ პირველს”.