თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესები 20 ივნისს გაიმართება.
ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა 14:00 საათზე არის ჩანიშნული, ხოლო მამუკა ხაზარაძის 16:00 საათზე. კოალიციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროცესს ხაზარაძე და ჯაფარიძე არ დაესწრებიან.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდნენ.
აღნიშნულის შემდეგ მათ ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული ბადრი ჯაფარიძესაც, რაც მანაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
