20 ივნისზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ პაატა სალია გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას კომენტარს 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. იგი პასუხისმგებლობას აკისრებს ექსპრემიერს, ოპოზიციაში გადასულ გიორგი გახარიას, რომელიც ახლა გერმანიაშია.
„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, – პრესცენტრის თანახმად, განაცხადა პაატა სალიამ.
· სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 11 დეკემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში აქციების დაშლის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლი;
· ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას, ჯამში, ასობით ათასი ევროს გადახდა მოუწევს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული ადამიანებისთვის – 640 ათას ევროზე მეტი მატერიალური და არამატერიალური კომპენსაციისთვის და დამატებით 40 ათას ევრომდე სამართლებრივი დავისთვის გაწეული ხარჯებისთვის.
· ხელისუფლება ვალდებულია, ეს თანხა დაზარალებულებს გადაუხადოს სამი თვის ვადაში.
პაატა სალია, – სამინისტროს მსგავსად, რომელიც საქმეში მოპასუხე იყო, – გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ ნეგატიურად წარმოაჩენს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან“, – განაცხადა პაატა სალიამ, – მისი პრესცენტრისვე თანახმად, – და დასძინა:
„საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა საქმეზე უკვე დასრულებული იყო. თუმცა ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს“.
„მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება სამართალდამცავ ორგანოს – პროკურატურას ადგილობრივ დონეზე დიდწილად შესრულებულიც კი აქვს და, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა ასევე მან.
· თავის მხრივ, ოპოზიციაში გადასული გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ კონვენციის სამი მუხლის დარღვევა დაადგინა, პარტიაში მის შინაარსს პოზიტიურად აღიქვამენ.
· „ქართულ ოცნების“ წევრებმა გახარიას, – რომელიც თვეებია, გერმანიაშია, – მოუწოდეს, „დაბრუნდეს საქართველოში და პასუხი აგოს კანონის წინაშე“.
· ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა წლების შემდეგ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს 12 ნოემბერს.
· „გავრილოვის ღამიდან” მალევე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა.