„2-5 წელი შეიძლება გადავაგოროთ ჩინეთიდან ჩადებული ფულით და უზბეკეთში ექსპორტით“ – რა გავლენა ექნება „რუსულ კანონს“ ინვესტიციებზე

საინვესტიციო მიმართულებით კანონის შედეგად გამოწვეული პრობლემები შესაძლოა, საქართველომ 2-5-წელი ჩინეთიდან ჩადებული ფულით გადააგოროს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი ეფექტი გარდაუვალია, – ამის შესახებ bpn-თან ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს. მისი თქმით, გრძელვადიან პესპექტივაში ქვეყანას „კერძო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება და არა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიცაა ოფშორების შესახებ კანონი და სხვები“.
„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელმაც 2-5-წლიან პერიოდი შეიძლება გადააგოროს ჩინეთიდან ჩადებული ფულით, უზბეკეთში გატანილი ექსპორტით, მაგრამ გრძელვადიანად თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წვერები ვიყოთ, ამის წყარო არის კერძო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობა და არა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიცაა მაგალითად ოფშორების შესახებ კანონი და სხვები“, – ამბობს გიორგი პაპავა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, ინვესტორებმა თავი შეიკავონ საქართველოში შემოსვლისგან იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამოქმედდება, პაპავა გვპასუხობს, რომ შესაძლებელია. მისი თქმით, ბიზნესი ქვეყანაში შემოსვლამდე აკვირდება არსებულ მდგომარეობას, საკუთარი სახელმწიფოსგან იღებს რეკომენდაციებს, რომელიც აუწყებს მათ, სად არის შესაძლებლობები და სად შეუძლიათ ინვესტიციების განხორციელება. მისი თქმით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, მოსალოდნელია, რომ შედეგი ინვესტიციებზეც აისახება.
„წარმოიდგინეთ საკუთარი თავი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან -ში, ფიქრობ საქართველოში ინვესტიციის ჩადებაზე, ეცნობი ახალ ამბებს და გესმის, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი „ებლატავება“ აშშ-ს წარმომადგენელს, შენ ხომ მნიშვნელოვნად შეგიმცირდება სანდოობა იმისთვის, რომ განახორციელო ამ ქვეყანაში რაიმე ინვესტიცია.
ძირითადი ინსტრუმენტები ინვესტორების მოზიდვის არის მოწვევა, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი შეხვედრები და ბიზნეს შესაძლებლობებზე საუბარი, საკუთარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ გააკეთებენ. მეტიც, სახელმწიფო ეუბნება ბიზნესს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი პარტნიორი და იქ შესაძლებელია ინვესტიციების ჩადება, არის შესაძლებლობები, უახლოვდება ევროპის კავშირს და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები… მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ იმხელა ბაზრებზე როგორიც არის ამერიკა, ჩვენ გრძელვადიან პერიოდში სწორედ ასეთი ბაზრებიდან მოზიდულმა ინვესტიციებმა შეიძლება შემოიტანოს ტექნოლოგიები, ცოდნა, რომელიც განვითარებაში დაგვეხმარება“, – დასძინა პაპავამ.
წყარო: bpn.ge