„2-3 წელია, საქართველოში დაიწყო ჰოსპისების და მოხუცებულთა სახლების განვითარება და ეს ძალიან კარგია“ – ნევროლოგი

დემენციის შემთხვევების ზრდა მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივების შედეგია, რაც კეთილდღეობის დონის მატებას უკავშირდება. ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, რაც უფრო იზრდება კაცორბიობის ასაკი, მით უფრო ხშირია დემენციის შემთხვევები, რადგან ის ასაკთან ასოცირებული დაავადებაა.
რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის მზაობას ასეთი ადამიანების მართვის კუთხით, ჯანელიძე ამბობს, რომ ამ პაციენტების მოვლის ტვირთი ძირითადად პაციენტების ოჯახებზეა, რაც უმძიმესი პრობლემაა.
„ელემენტარული ყოფის უზრუნველყოფა ოჯახისთვის დიდ ემოციურ და მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანების მოვლა არ უნდა ხდებოდეს ოჯახის წევრების ემოციური განადგურების ფონზე. ოჯახის წევრებისვის ამის ყურება უზარმაზარი ფსიქოტრავმაა. 2-3 წელია, საქართველოში დაიწყო ჰოსპისების და მოხუცებულთა სახლების განვითარება და ეს ძალიან კარგია. რამდენიმე მათგანში ნამყოფი ვარ და გულს უხარია, იმდენად კარგი პირობებია შექმნილი. ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მონაპოვარი სწორედ ღირსეული სიბერეა,“- განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოხუცთა დღის ცენტრების განვითარებაც ისევე როგორც ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბაღში სიარულს, სადაც ისინი თანატოლებთან სოციალიზაციას ახდენენ.
მარინა ჯანელიძის თქმით, ეს პრაქტიკა უნდა იყოს დღევანდელი რეალობის ალტერნატივა, როდესაც, ხშირ შემთხვევაში, მოხუცი ადამიანები მთელი დღე სახლში არიან, მათ შვილებსა და შვილიშვილებს კი მათთან კომუნიკაციის დრო არ აქვთ, რადგან დაკავებულები არიან.
მისივე განცხადებით, განვითარებულ ქვეყნებში ეს მიმართულება ძალიან წინაა წასული და განვითარების მაღალი დონის მიღწევის შემდეგ ხარისხიანი, სრულფასოვანი სერვისები საქართველოშიც იქნება, თუმცა დღეს ქვეყნის პრიორიტეტი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაა, რაც ლოგიკურია.
ნევროლოგი ამბობს, რომ დემენციის გადავადებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გონებრივ მუშაობას. ამიტომ ის ხანდაზმულებს ურჩევს, დაისწავლონ ახალი ლექსები, ამოხსნან კროსვორდები, რადგან ეს გონების მობილიზაციას ახდენს.
პრევენციის მთავარ მეთოდად კი სპეციალისტი ცხოვრების აქტიურ წესს ასახელებს, რაც დაცული და ღირსეული სიბერის ერთ-ერთი ფაქტორია.
მარინა ჯანელიძე დაავადების მართვისა და განკურნების პერსპექტივებზეც საუბრობს და ამბობს, რომ რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, დაიწყოს ბიომარკერების საშუალებით დაავადების რისკების გამოვლენა. თუმცა დღეს ამ პაციენტების მკურნალობის მეთოდები არ არსებობს. ამიტომ ასკობრივი ნეიროდეგენერაციის დამუხრუჭების გზა სწორედ აქტიური გონებრივი ცხოვრება და ჯანსაღი ცხოვრების წესია.