„2 000 აბონენტს ბუნებრივი გაზის დანადგარი ჩაუხსნეს“ – ნინო გულეიშვილი მიზეზებს განმარტავს

„170 ათასი გადამოწმებული აბონენტიდან 2 ათას აბონენტთან ისეთი დარღვევები გამოვლინდა, რომ მათ ჩაუხსნეს დანადგარი,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, წინა წლებში საკმაოდ ცუდი შედეგები მოჰყვა ბუნებრივი აირის დანადგარების არასწორ მოხმარებას მოსახლეობის მხრიდან და სწორედ ამიტომ, კომპანიებს ამ დანადგარების შემოწმების ვალდებულება გაუჩნდათ.
„წლების მანძილზე ეს პრობლემები სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული, რადგან არ ხდებოდა დანადგარების ქსელის სისტემური შემოწმება. მომხმარებლები თვითნებურად ახდენდნენ ამ დანადგარების მონტაჟს.
სწორედ უამრავი ფატალური შედეგის გამო, კომისიამ ბუნებრივი გაზის მოხმარების წესებში ერთმნიშვნელოვანი მუხლი ჩაამატა, რომელმაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა – კომპანიებს გაუჩნდათ ვალდებულება, წელიწადში ერთი აუცილებელი ვიზიტი განახორციელონ და მათ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის დანადგარები შეამოწმონ. საეჭვო შემთხვევის დროს კი, დანადგარი ჩახსნან,“ – განაცხადა ნინო გულეიშვილა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩენენ, რომ რომელიმე ქსელი ან დანადგარი ვერ ჩაიხსნება, კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ საერთოდ შეწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება. როგორც გულეიშვილმა აღნიშნა, ამაზე მუშაობას შესაბამისი სამსახური ზამთრამდე 3 თვით ადრე იწყებს და უკვე ზამთრის პერიოდში ყველაფერი მწყობრში უნდა იყოს.
„სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ კონკრეტულად „თბილისი ენერჯისგან“, შემაშფოთებელი ციფრები მივიღეთ – 170 ათასი გადამოწმებული აბონენტიდან 2 ათას აბონენტთან ისეთი დარღვევები გამოვლინდა, რომ მათ ჩაუხსნეს დანადგარი, ხოლო 144 აბონენტს საერთოდ შეუწყვიტეს გაზის მიწოდება. პოტენციურად ეს აბონენტები ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყვნენ, რომ არა კომპანიების მხრიდან ეს შემოწმება.
კარგი რაც არის ამ ამბავში, უნდა აღინიშნოს, რომ თუ აქამდე მომხმარებლები ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ საკითხს, ახლა დადებითად აფასებენ. თუმცა, ყოფილა შემთხვევებიც, როცა იმისათვის, რომ დანადგარი ჩაეხსნათ, პატრულის გამოძახებაც გამხდარა საჭირო,“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.
bpn.ge